დაკარგულები


- ტყავიდან თუ არ გაძვერი, სამშობლოში დაიკარგები..
ელდასავით ამაზრზენი მეტამორფოზა.
დუმილის ხავსი აყვავდება შენს ლურჯ ბაგეზე.
ხსოვნად შერჩები მხოლოდ ძველი სახლის სარკეებს
და ლექსი, შენი არსებობის ბოლო საბძელი,
გაცრუებული მოლოდინის ნისლით შეგმოსავს.

და რა უნდა ვქნათ მე და შენ და ჩვენნაირებმა,
ვისაც არც ტყავი შეგვრჩენია, რაშიც გავძვრებით,
ანდა, თუ შეგვრჩა ნაწილ-ნაწილ ისე გაგვაძვრეს,
რომ სულით, ხორცით, ემოციით ერთობ დავძველდით
და აღარ ვჩქარობთ, არ ვისწრაფვით სადმე დავლაგდეთ.
ვინც ჩვენი მყუდრო არსებობა მივანდეთ ეშმაკს,
თუკი გარისკა და ერთხელაც ღმერთმა ინება,
როცა ღრმა რწმენით ჩალად ქცეულ სიმართლეს ვკემსავთ,
გარისკა ჩვენს ცივ სასთუმალთან მეტანიობა-
მაშინ აღვდგებით, მკვდრეთით არა, მკვდარი სიცოცხლით,
ამ უთავბოლო სიცოცხლესაც ფასი აქვს ჩალის.
თვალებს მომწყდარი ჩვენი სულის მკვეთრი მინორი
ნაადრევ ზამთარს ადრეული ყინვებით დაღლის.
ჩვენი სახლები., ეს დიდი და ცივი სახლები,
სადაც არასდროს გვიცხოვრია, მუდამ ვსახლობდით,
ვერ ჩავიკეტეთ, სადაც ბზარებს ვერ ვიამებდით,
სხვა საძირკვლებში ჩადგებიან ჩვენი არყოფნით.
.
და მაინც რა ვქნათ, მე და შენ  და ჩვენნაირებმა,
ვინც თვალებს ვახდენთ მიწისპირულს, სიჩუმეს ვმღერით.
ღმერთმა ინება, ესეც ალბათ ღმერთმა ინება,
ვიბადებოდეთ და ვქრებოდეთ სულის შებერვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი