მაისიდან მაისამდე


მზე კი არა,
მაისია მატყუარა.
მაისია ცინიზმით და ღვარძლით სავსე.
დღემ ღამესთან ბოლო სუნთქვა დატოვა და
უკუნია მაისიდან მაისამდე.
გუშინ ისევ ძველებურად გამიწვიმდა.
დარდი წვეთ-წვეთ,
დარდი გზა-გზა დავარიგე.
თქვენ კი მაინც, არაფერი არ იცით და
თქვენ კი მაინც, ვერაფერი ვერ გაიგეთ.

სულ სხვა რამეს გიყვებოდით,
სხვა რამ მჭირდა.
იქნებ ნუგეშს დავეძებდი თავდახრილი.
თურმე ერთი სიტყვის თქმაც კი არად ღირდა.
თურმე ისმის სხვანაირად გასაჭირი.
თქვენ კი არა, 
დამნაშავე მაისია.
და მარტიდან მოყოლილი ამინდები.
განმარტება არასოდეს არ მიცდია.
მეგონა, რომ უსიტყვოდაც გამიგებდით.

მარგალიტის მძივებივით რომ ავკინძე,
მოვიხურე მხრებზე ნაზი აპრილები.
მოვედი და თქვენ იმედიც არ დაინდეთ.
რა იცოდით, იქნებ ლოცვას ვაპირებდი?!
ღამემ ცაზე ყველა ღვედი აიწყვიტა.
მთვარე ლურჯი ნისლის ზეწარს გადაიფენს.
თქვენ კი მაინც...
არაფერი არ იცით და
თქვენ კი მაინც...
ვერაფერი ვერ გაიგეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი