ჩუმი ლექსი


ზის ტანმაღალი მუსიკოსი ავენუს ართობს.
ნაზ მელოდიას აჰყოლია ფოთოლთა რხევა.
ისე მაფიქრებს ეს ჰანგები და ისე მათბობს.
თითქოს ყოველი ნოტი, ბგერა,
აკორდიც მე ვარ.

დავდივარ ჩუმად ქუჩა-ქუჩა, 
წვიმაში. ქარში
და სტრიქონებში დაკარგული ვპოეტობ თითქოს.
დამყვება გულთან შერჩენილი ნოტების ვალსი.
გაყინულ სხეულს თბილი წვიმის მოტივზე ვითბობ.
როცა შეგრძნება, მარტოობის სურვილებს აჰყვა,
მაშინ დავკარგე ყოველივე,
რაც მქონდა წმინდა.
ვლოცულობდი და 
რწმენას ჩემი ლექსები კლავდა.
ჩემს სარკმელთან კი მომხიბვლელად
წვიმდა და წვიმდა.

თუ მარტოსული პოეტების შვებაა წვიმა.
ნუგეშისმცემელს არ დავეძებ.
ღამეებს ვუთევ
ნესტიან ქუჩებს, ლამპიონებს.
თვალღიას მძინავს
და რა ხანია არ ვამოწმებ საფოსტო ყუთებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი