გაუგებრობა
არ ვწერ. ვზივარ და ვითვლი ციდან ჩამოზრდილ ღრუბლებს. ყელთან მობჯენილი სისხლით სიტყვებს ტონალობას ვურჩევ. . რა დროს წერაა და ფიცი, დღეებს გამოება ყინვა. . მოვრჩი ნაძალადევ სიცილს. მცივა, უსაშველოდ მცივა. . ♤ გაუგებრობა მიწა ვიყავ. . (და ვიქეცი მიწად) თან ისე ღრმა, რომ სითბომ ვერ მავნო. საკუთარ თავზე გიამბობ. . ვზივარ - სტრიქონალესილ ზღაპრებს გიამბობ. ან სად იპოვი სიმართლის მარცვალს. ან სად სიცრუით წაბორძიკდები. ისე ვარ, თითქოს ღმერთმაც კი გამცა. მკვდარი ვარ, მეტად ვერ მოგიკვდები. მელანს შემხმარი სისხლი ლექსიდან ნანობს, სითბოს რომ ვერ გასცემს პეშვით. ვარ ვერ აღმდგარი მკვდრეთით მესია, ლოცვა, რომელიც ვერა და ვერ თქვი. ჩემს თვალთა სხივში ამოსულ ხეთა კაპილარები ჰყოფნით ფესვებად. . ვერცერთმა ლექსმა სიმართლე ვერ თქვა. უდროო იყო ყველა შეხვედრა. აყეფდა ქარი მთვარეზე - ახალ. . პოეტი ღამის თეთრი მაქცია, სიმართლეს გათხრილ ბწკარებში მარხავს,. სითბო ყინულად გადააქცია. სითბო, რომელიც ვერ გასცა სევდით. სევდა, რომელმაც ყულფი შეაბა და ახლა მკვდარი ღმერთების გვერდით წევს და სიკვდილის სუნი ეამა. . . . . . ძლიერი ქარია. . ისეთი ძლიერი, ძვირფასო. ცის თაღზე ქროლვით ქსოვს მავთულის ლაბადებს. გაუშვი - იქროლოს. იხაროს. . მე შენთან მოვალ და თავს მხარზე დაგადებ. სიმშვიდე გადამდე. ისე ქრის, რომ ხეებს უსკდებათ ტოტები სიცივით. ღამეა ფიქრთა და სიზმართა უღმერთო მოლბერტი. ქარი კი სამყაროს სიცილი. . იხაროს, იცინოს სამყარომ. კანდამსკდარ ტოტებში თითები მოძებნე. რომელიც გაგათბობს. რომელიც დაგხატავს ცამზიან მოლბერტზე. ქარია ძვირფასო. დაღლილს და სევდიანს არ გიღირს ყოფნა და იცი რომ თუ წახვალ გესვრიან - ზურგიდან. . ვერ მტოვებ, მომაკვდავს. გაუშვი - იხაროს. იცინოს. იქროლოს. წამოვალ თუ გინდა. არ გიღირს. არ მიღირს. არ გვიღირს ყოფნა და არც ამ ლექსს ვამთავრებ. . უბრალოდ ვდგები და მოვდივარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი