ჩემი შემოდგომა
როგორი უიმედო იისფერი ხარ, ჩემო შემოდგომავ. როგორი დეპრესიული. მეწამული ნეკერჩხლების მომლოდინე. მომლოდინე ნისლიანი გზების ბოლოს. რა მტირალა ყოფილხარო - უკვირთ წვიმებს. ნერვიული ქარი გულში ვერ დამალე. ვერ დამალე მლაშე ტბები თბილ თვალებში. გაგიცივდა თვალებიც და ფიქრიც იქნებ. უსიტყვო ხარ. უსიტყვო და უიმედო. მოხვედი და მზეებიც კი შემიშინე. შემიშინე მოლოდინი ოქტომბრის და რომ იცოდე, გულისაც როგორ შეეშინდა. რა ცივი ხარ, იისფერო შემოდგომავ. რა ცივი და ტკივილივით მეწამული. ოცდაათი ფოთოლცვენა მომპარე და სანთელს ერთი სურვილიც კი ვერ ჩავუთქვი. რა ჩუმი ხარ, სევდიანო შემოდგომავ. ერთხელ მაინც გამიღიმე. დამამშვიდე. რა ნაღველი შემოგაწვა ღრუბლისფერი. ერთხელ მაინც მითხარი - რომ ჩადგებიან, ჩადგებიან ქარებიო მთებს გადაღმა. მერე გულსაც საგულეში დავიგულებ. მერე წვიმით დავინამავ ხელისგულებს. ყვითელ ფოთლებს სასთუმალთან დავიწყობ და უშფოთველი, მშვიდი ძილით დავიძინებ. კარს გაგიღებ, შემოგიშვებ, შემოდგომავ. წვიმებისგან დაკოპლილო, შემოდგომავ. დაკოპლილი შავი კაბით დაგიხვდები. დიდედისგან დანატოვარ შავი კაბით. გრილ შანსონებს აწკრიალებს გრამაფონი. ძველის ძველი ფირფიტიდან გრამაფონი. რა ცივი ხარ, უიმედოვ, გაყინულო. გაგათბობდი. რომ შემეძლოს გაგათბობდი. რა ლამაზი სევდა დაგაქვს, შემოდგომავ. დღეს მე და შენ წითელ ღვინოს მოვუხდებით. დღეს დავლიოთ მერე თუნდაც ნოემბერმა, სამათწლეულს ნაგროვები თეთრი სევდა, თეთრი დარდი ერთიანად დაგვათოვოს. დღეს მჭირდები. არ დამტოვო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი