იისფერი ღამიდან


ჩემი დღეები ყვითელია -
შავი ჩრდილებით.
ღამეებს ნაზი იისფერი ალი მინათებს.
ვარსკვლავთ ქიმებზე წკრიალებენ მელოდიები
და მოლოდინებს თითით ვხატავ ფიქრის მინაზე.
სტრიქონებს შორის ღმერთი წვება -
ცოტა ნაწყენი.
მე კი ჩვეული რიტმით ვიწყებ დუელს ღამესთან.
ახლა ისეთი წმინდა არი ყველა შელოცვა.
გიშრისთვალება სიკვდილიც კი ლექსებს დანებდა.

გრილ განთიადებს - მოციმციმე ნათელ ჩირაღდნებს,
ციცინათელებს ვარდისფერი ჰორიზონტიდან
მაინც სიცივის სუნი ასდით.
რომ ირიჟრაჟებს
მოხვალ და მხრებით დაპირებულ იმედს მომიტან.
მე არ მაქვს სახლი.
არ მაქვს მიწა.
აღარც ჰაერი.
ვცხოვრობ ნავზე და ფირუზისფერ ტალღებს ვედრები.
მე არ მყავს შვილი. 
არ ვარ დედა. 
ვკარგავ სამშობლოს.
ხელით მიჭირავს ამოთხრილი თხელი ფესვები.

და გულიც უკვე დღენაკლული, მანკიერია.
ტკივილი ისე შეიფერა, ისე ეამა,
თითქოს არასდროს არ სწყენია, არ სტკიებია.
ყინვა მოისხა და დანდობას ყულფი შეაბა.

ჩემი მომავლის სანუკვარი ლურჯი ეტლები,
მსხვრევად კრისტალის თვალებიდან ამოვირეცხე.
ზღვისკენ მივცურავ, რადგან ცას მე ვეღარ შევწვდები.
სამყაროვ, ღამის წყევლასავით ამომიჩემე.

დაბრუნებების - უკუსვლების ათვლა დავიწყე,
დაცლილ, უსულო სხეულს ვუშვებ ფესვმკვდარ მიწაზე.
თუმცა დღეები სიყვითლიდან მიდის შავისკენ,
ღამეებს მაინც იისფერი ალი მინათებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი