პროტესტი


წრიალებს სისხლი.
ცნობიერის ბორგვა და ფანჯრებს
ვაწყდები, 
ვზომავ.
ვაფერადებ აზრს მისხლის მისხლივ.
თითქოს გულწასულ საკუთარ თავს
თვითონვე ვანჯღრევ.
ცხრაჯერ განასკვულ ყულფს ვიღებ და მეათედ ვიხსნი.
მეათედ, 
იქნებ მეათასედ ვაჩენ საკუთარ 
"მეს" და ვივიწყებ სამუდამოდ ყველა ფობიას.
როცა სამყარომ უკანონო შვილად მაკურთხა,
მაშინ ვიგემე მოძალადე მელანქოლია.

როცა ვიგრძენი ვიკვებები მსუყე ნერვებით.
ხელი ჩავკიდე ქვეცნობიერს, ცას, ირონიას
და არსებობავ, ყოფიერო, ისე მბეზრდები,
რომ პოეზია ახლა ხსნა და ღვთის მირონია.

ბნელი ოთახი - აბატონი. 
ტრანსი. ჰიპნოზი.
ვწვები გულაღმა, გაქცევაა ალბათ ერთგვარი.
ვილევი. 
ვქრები. 
მაჯისცემით აღარ ვიგრძნობი
და ახლა მთელი სამყაროა ჩემში მფეთქავი.

მზერიდან სხივად ამოზრდილი მზის თავთუხები
ბნელს სინათლესთან აკავშირებს შორეულ ნისლში.
ისე ვარ ახლა, 
არსებობას აღარ ვუხდები,
სიცოცხლის ანკესს ხორბლისფერი ზღვებისკენ ვისვრი.
და თუ ღმერთი გწამს
რის "კარგად ვარ" 
რა "ემილ კუე".
პოეზიაა ერთადერთი დღეს სუგესტია.
პორფირიული რეალობა რომ ვერ ვიგუე,
ამის დასტური მომაკვდავი მზის პროტესტია.

შემოდის ოთახს სიყვითლეს ჰფენს ოქტომბრის ეგო.
კედლები ჩუმი ისტერიის ისუნთქავს ჰაერს.
თუ ეს სამყარო მოსახდელი  ვალივით  მერგო.
მაშინ მას ჩემი ხელმეორე სიცოცხლე მართებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი