ციცინათელების ქალაქი
შორს. ციცინათელების ქალაქში. ქალაქში, სადაც მხოლოდ ღამის პეპლები დაფრინავენ და დილით მტრედებს მოხუცები უყრიან შავი პურის ნამცეცებს. იქ, სადაც წრფელი ღიმილი მხოლოდ ქუჩის მუსიკოსს შერჩა და ქუდში ჩაყრილი მონეტების ნაცვლად მელოდიით გაბედნიერებულ სახეებს ითვლის. სადაც მაგისტრალებიდან მინდვრებამდე. ცათამბჯენებიდან კათედრალებამდე. უბრალოდ ქუჩიდან ქუჩამდე, ხიდების ქვეშ გაფენილ ღამის გასათევებშიც კი, არ მოიძებნება ადგილი შენთვის. სადაც ყველა პაციენტი ყრუა და შენ მუნჯი. იქ, სადაც მდინარე აღმასვლით უნდა აიარო და ელ-ჭექი ცაზე მეტად თვალებში იგრძნო. სადაც ყველაზე დაბლაა ცა და ყველაზე რუხი აქვს ფერი. სადაც მიხვდი, რომ მომავალმა გულზე ყულფი შეგაბა და თავი მოიკლა. ასე გულდამძიმებულ, მომავალმოკლული მიდიხარ ძლივსღა მიათრევ საკუთარ აწმყოს. ვერც ვერავინ ხვდება რომ მხარი შეგაშველოს. ნაბიჯები შეგიმსუბუქოს.. ვწვები მოცემულიბიდან შორს, სამყაროს კიდეზე გულაღმა. ვაქრობ ციცინათელების ქალაქს თვალებში და ნაწილ-ნაწილ ვიჭრი სხეულიდან კანს. ვილევი და ვქრები ნელ-ნელა. ჩემი გული კი, ხელს მაგრად გკიდებს, რომ წაგიყვანოს თან. რომ გიამბოს ამბები გოგონებზე, რომლებსაც რა ხანია არ სჯერათ ციცინათელების და აგროვებენ ხოჭოებს. გოგონებზე, რომლებიც ქუსლების კაკუნით კი არა, ცერებზე აზიდულნი ფეხაკრეფით დადიან. რომელთაც რა ხანია ყურით კი არა, გულისყურით სმენა ისწავლეს და ჯერაც სწამთ, ბოლო ამოსუნთქვამდე სიყვარულის. მათზე, ვისაც თავგანწირვით სიყვარული შეუძლიათ და თავად არიან განწირულნი. ვინც უკვე იმდენი შესძლო, იმასაც შეძლებს ამოგისუნთქონ, სული ბედნიერებისკენ შეგიბერონ და გაგიშვან. ისე, რომ ცრემლების ნაცვლად ამოკაწრული ხელუსგულები დამალონ და გაიღიმონ. გოგონებზე რომლებსაც უბრალოდ სურთ იყვნენ სუსტები და თქვენს მხარზე თავის დადებით ტკივილები დაიამონ. გიამბობ და ვცდილობ შენი სიყვარული დავზოგო. ან უბრალოდ სხვა ცხოვრებისთვის გადავდო. რადგან ავად ვარ. ვცილობ და ვხედავ, როგორ მოდის ჩემთან თეთრი აჩრდილი. თვალახვეული. უნიჭოდ მაკერებს აჭრილი ხორცის ნაჭრებს. ცდილობს გამამთელოს. ვგროვდები. ვმთელდები. ვიქცევი ნაჭრის თოჯინად. რომელიც ცოცხლობს იმიტომ რომ სხვებს სჭირდება მისი სიცოცხლე. ან ისე. უბრალოდ. სახლობანას სათამაშოდ. მე ნაჭრის თოჯინა ვარ, რომელიც ხვდება, სხვა ცხოვრება არ არსებობს. მომავალი მკვდარია. ვერ გადადებს შენს სიყვარულს. უნდა უყვარდე. დღეს უნდა უყვარდე. რადგან ხვალის გზა ნისლმა გატეხა. ნაბიჯები შეწყდა. დახუჭული თვალებით ცხოვრება გაცილებით მშვიდია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი