მარტის


მარტის წვიმა ჩავიგუბე პირამდე..
მარტის წვიმა სიჩუმემდე მშვიდია.
სასთუმალთან ნატკენ ლექსებს მილაგებს,
(წუხელ თურმე სტრიქონ-სტრიქონ იდინა)

მარტმა სხივი მოიყოლა ციმციმით..
მარტსვე მიაქვს სუსხი _ სითბოს მიტოვებს.
ტკივილს ისე გულიანად ვიცინი,
ვერ შენიშნავ სევდის მწვავე სიმპტომებს.

წვიმს და წვიმა თმას მიწამდე ისველებს.
ქარი ქრის და ხელს თვალებზე ვიფარებ.
დღეს დუმილი უჩვეულოდ მიჩემებს
და სიჩუმე პოეზიად გითარგმნე.

წვიმს.. ქუჩები ისეთივე მშვიდია,
როგორც ღამე _ ჩემში დარდის პირობად.
წუხელ წვიმამ სტრიქონ-სტრიქონ იდინა
გააღრმავა ყველა ნედლი ჭრილობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი