წუხილი
მე გიყვებოდი - ღამეებზე, თავშესაფარზე. . მსხვრევად ლექსებზე, ბედისწერის ყველა მხილებით. მე გიყვებოდი, რომ ბევრს ვწერდი - ცოტას ვხატავდი, თვალებს ვხუჭავდი და შეგრძნებებს ვიადვილებდი. გიყვებოდი, რომ ვუწოდებდი ჩვეულებრივებს ჰომო საპიენსს - მექანიკურ დღეთა მუშაკებს. . ახლა კი ტკივილს ავტკივდი და სევდას ვამძიმებ, ღამემ დამტოვა, რომ უჩემოდ არაუშავდეს. ფერფლად მიქცია შუაღამე ცეცხლის სტიქიამ, დავკარგე ბინა. ვარ დღეების ლანდი - ლტოლვილი. ლექსები ცივ და უკარება იმიჯს იქმნიან, აღარ მწერენ და აღარც მე ვწერ დარდის მოტივით. ვერ გავცდი ქუჩებს, შენობებს და მტვრიან ასფალტებს. მოვკალი ღამე და ვამრავლებ დღეთა ემბრიონს. ახლა თუ გინდა ჩვეულებრივ ქალად დამხატე, რადგან მოვბეზრდი სივრცეებს და ვჩვეულებრივობ. მე გიყვებოდი, რომ არ ვგავდი სხვა ქალებს სულაც. არ ვუხდებოდი კეკლუცობას, მბზინავ მაკიაჟს, გამოვიცვალე, თუმც ჩვეული სიმკაცრით ვდუმვარ. თავაწეულს კვლავ მობუზული მზერა მაცვია. . რადგან გამოვჩნდი. რადგან დღეა. რადგან მხედავენ. რადგან ღამიდან უბილეთოდ გარეთ გამაგდეს. დავდივარ, როგორც უხეხილო ეზოს მებაღე და ველოდები, რომ ჩემს ბაღში ისევ დაღამდეს. . ასეც ხომ ხდება - მოგპარავენ კალამს და თითქოს შეულოცესო თავს ერთ სიტყვას ვეღარ მოაბამ. ასეც ხომ ხდება - სულ არაფერს, არაფერს ითხოვ და სულ რაღაცას გაჩეჩებენ გზაზე მომავალს. ასეც ხომ ხდება - ჩაფიქრდები, მერე გასცდები შენს გაჩერებას, კორპუსს ან და სართულს საერთოდ. . ბნელ ღამეში რომ ყოველივეს ვგრძნობდი, ვამჩნევდი, ახლა ნათელი რეალობით როგორ გავერთო. მე არ ვარ ის, ვინც შეეჩვევა დღეთა ვაგონებს. არ ვარ ის ვინც პულსს ააყოლებს სიცოცხლის რემას. . ცხოვრება წრეზე სასიკვდილო რბოლას მაგონებს, ცოტას დავიცდი, მერე ჩვეულ ღამეში შევალ. (მშვიდი წუხილით)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი