სიჩუმის
შუაღამიდან თოვდა თურმე, ნაზი სუნთქვებით. ცა აათრთოლა ფანტელების მშვიდმა სლუკუნმა. ნეტავ ამ დილას თოვლმა რატომ ვერ გაგვაოცა(?!) რატომ გვეტკინა თოვა - ზამთრის თეთრი ჩურჩული. შუაღამიდან თოვდა თურმე. . ჩვენ არ ვიყავით. წელსაც უჩვენო ზამთარია - უჩვენსახელო. ხორციდან ძვლები სულთან ერთად გამოგვეცალა. . გთხოვ, უძვლო ხორცის ტკივილები არ გამახსენო. გთხოვ, აღარ მკითხო - თოვამ სივრცე რატომ ჩარაზა. გავჩუმდეთ. სუნთქვის ხმაურიან დუმილს ვუსმონოთ. თორემ ხომ ხედავ, ხომ იგრძენი - ისე ავად ვარ. ლამის ლექსებიც დავამუნჯო, ვწერო უსიტყვოდ. თოვდა. . და სახლებს დაუტოვა თეთრი ლაქები. თოვდა. . სითეთრემ დაგვიბნელა ყველა დარაბა. და როგორ მინდა, საყვარელო, თვალებს ახელდე ჩემს სტრიქონებში, შენ კი ლექსშიც ჩემზე ავად ხარ. შუაღამიდან თოვდა თურმე თეთრი სუნთქვებით. ჩვენ არ ვიყავით და უჩვენოდ დებდა შაორთან. ვიყავით არსად. . აღარსად ვართ. . არსად ვიქნებით(!) და მაინც მიკვირს. . თოვამ რატომ არ გაგვაოცა.(?!)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი