არაფრის სახელით


ღია კარში ვერგასული ფიქრია.
ჭადამშრალი გლეხის ეზოს ნაღველი.
ყველა შენი ზმანებიდან მივდივარ.
ფეხაკრეფით..
დავიწყების სახელით.

ჩემში ჩამდგარ მყინვარწვერის სიმშვიდეს
სევდა ახლავს მომლოდინე დედების.
შენი სულის ტკივილები ვიშვილე,
ჭრილობაზე სისხლივით მიდედდები..

ჭადრის ხე ვარ- შენი ხსოვნის სარკმლიდან.
ოქტომბერში ბოლო ფოთოლს გავიხმობ.
ზამთარი თუ თვალებიდან დამცვივდა,
ცივი სულის სიმძიმეზე არ მკითხო!

უფოთლებო ტოტებს  ნაჭრებს შეაბამ.
ნატვრის ხე ვარ, შენი აწმყოს მდელოზე.
ნეტავ ჩემი დაკრძალვის დღე გენახა,
მოგესმინა შენს ლოდინს რომ ვმღეროდი.

შენს ეზოში მკვდარი ჩიტის ბუდე ვარ.
ისტორია - საიდუმლოდ სათქმელი.
დავიწყებულ სიზმრიდან რომ უბერავს
ის ქარი ვარ.. 
რომ იგრძნობ და 
გათბები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი