ვერგაჩენილთა ნანა
ანგელოზია. უხილავი. პატარა ფრთებით. მომიფრინდება. კისერზე მხვევს ხელებს - შელოცვებს. არგაჩენას მთხოვს ამ ცხოვრებაში. არდაბადებას- -დამიტოვეო სიზმრებისთვის, სხვა ცხოვრებისთვის. თორემ ვიციო, გული მიგრძნობს, რომ დაბადება ტირილიაო, ბავშვობაა, მერე დიდობა. ბავშვობა ზოგჯერ მომწაროა, ზოგჯერ მომჟაო. ღამით მშობლების ჩხუბის სუნი. დღისით შიმშილი. დამიტოვეო სიზმრებისთვის, არაუშავსო. ნუ გამაჩენო- ომიაო, სისხლი, სიკვდილი. მერე გაზრდაა, ვერგაზრდაა, ვერგადარჩენა. სიყვარულია, იმედია, გაცრუებაა. ღმერთის პოვნაა, დაკარგვაა, ბოლოს რა გრჩება- შენივე თავი გაფანტული ჟანრის სარჩევად. შენივე თავი აყვანილი შენივე ხელში. ხელიც არ გრჩება ქვა იყოს და თავში იხალო. თავიც არ გრჩება საშენო და აზრის მისხალი, რომ აიღო და ბწკარი ლექსი ამოიყვანო. ნუგამაჩენო, დამიტოვე სიზმრებისთვსო. სხვა ცხოვრებისთვის დამიტოვე, ნუ გამაჩენო. მე რომ სიცოცხლის ბასრ ეკლებზე სული ვიტკინო, სულზე ნარჩენი ნაკაწრები როგორ გაჩვენო, დედას, რომელიც სულ მელოდა, დედას რომელიც ცარიელ აკვნებს უმღეროდა ნანინანასო. დედას რომელიც, მკვდარი დედის შვილებს უმღერის ლოცვებს ლექსებად ობლებმა რომ არ იავადონ. იმ შვილებს მათი დედები მათ დაბადებამდე რომ დაიხოცნენ, ბავშვები კი მკვდრებისგან იშვნენ. ვერგაჩენილი შენი შვილი გადაგეყარე სიზმრად და ჩემი დედობისგან გიხსნი და გიშვებ. ჩუმი შელოცვით. ჩუმი თხოვნით. ჩუმი ვედრებით. სულზე შეგაბამ ავგაროზად ჩემს თვალებს გიშერს. ვერდაღვრილ ცრემლად თბილ თვალებში შეგიდედდები, სისხლში მირონად ჩაგეღვრები, ლექსებში შვებად, ნუ გამაჩენო, სიზმრებისთვის დამიტოვეო, სხვა ცხოვრებისთვის დამიტოვე, დედაო. დედა.. - ანგელოზია, უხლავი. პატარა ფრთებით. მოფრინდება და კისერზე მხვევს ხელებს - შელოცვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი