ზურგშექცევა


შენდამი ჩემი ზურგშექცევა დღეს არის მესა.
უფრო მარტვად- ზიარება, მსხვერპლი და წირვა.
ან მსხვერპლშეწირვა, რიტუალი, თითები - სამი,
ბრმა სიყვარულის ლიტურგიამ გასტანა რვა წელს.

ვერდაწერილი ჯვრის კურთხევა, სეფა და კვერი
”მე შენ მიყვარხარ” დადებული ფიცია -”ამენ”
ამიტანს წერა და ეს წერაც ვერაფერს მშველის,
ლექსები, როგორც მკვდარს ჭიები, ნელ-ნელა მჭამენ.

გარეთ აღარ წვიმს, სიმშრალეა ყელის და თვალის.
გარეთ აღარ წვიმს, გადაიღო, ცა იშრობს ყვრიმალს.
რამდენიც გინდა გაზაფხულზე კვირტები თვალე,
შემოდგომით ხომ დაცვენილი ფოთლები გტკივა.

ჩემდამი შენი ზურგშექცევა დღეს არის ლოცვა
გადარჩენისთვის, რომ არ გერქვას პოეტის ქმარი.
ეჭვი - ვაითუ ლექსმა წუხელ შენს ნაცვლად მკოცნა,
წუხილი, რომ დღეს გუშინდელზე შორეულს ვგავდი.

აღარ ქრის გარეთ, ქარი არ ქრის, არ ქრის და არ ვწერ.
დავთმე ნაყოფი პოეზიის, ყოფნისას მუცლად.
ახლა სიცოცხლე სიკვდილივით სხეულში მამტვრევს
და უჰაერო სამყაროში სიჩუმეს ვსუნთქავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი