0 0 92
ლამა საბაქთანი
"ლამა საბაქთანი"
"მოვიხედე და ვდგავარ ახლა მარილის სვეტი,
თითქოს ძარღვებში გამიქვავდა მთელი ზამთარი
და რაც მაცვია, მზე კი არა - კოლოპურტია."..
თ.ელიავა
ღამე ჯვარცმის..
ვღებავ ფრჩხილებს სისხლისფერი ლაქით.
კვერცხებს ალბათ, უფრო,
შეღებავენ სხვებთან.
''ელი, ელი, ლამა საბაქთანი?!''..
რა უღმერთოდ მიმატოვე, ღმერთო?!
ღამე შავი აკვანია - ვერ შობილი ბავშვის..
დღისით თეთრი კუბო ბრწყინავს - საუკუნო ლავრა.
ქარი ძვირფას ლექსებს ზღვასთან
წაიღებს და დაშლის
მიწად, ქვიშად.. მოგონებად აშლის, თუ არ ჩადგა..
აღარასდროს უმღერებენ გასხვისებულ მიწებს -
დანასიზმრებ აფხაზეთს და ციდა სამაჩაბლოს..
დაკარგული ღმერთის კართან პირჯვარს ვინღა იწერს.
''ელი, ელი, ლამა საბაქთანი'' -
ვნაღვლობ..
დავტოვე თუ მან დამტოვა, ეშმაკმა არ უწყის.
მოწკრიალე სულიც ვეღარ
ხარობს გამხმარ ბზაზე.
ლოცვა, როცა შელოცვაა, ლხინი - მშვიდი მწუხრი,
მკვდარო მიწავ, პოეტები სიმწრით გამოზარდე..
ვისთვის წმინდავ,
ვისთვის მიწავ - დახეთქილო გვალვით..
ფესვი, შენში რომ მომკვეთე,
ვერ გავიდგი ვერსად.
არსად მოსჩანს მძიმე სულის შესაფარი - სახლი.
მცივა, თითქოს შიშველ ტანზე კოლოპურტი მეცვას.
დაკარგული მიწებივით გაიტანენ ჩემგან
ჯვარცმის ღამეს პოეზიას, რწმენასა და იმედს.
სისხლისფერი სევდით ახლა
ნათმენ ლექსებს ვღებავ.
ვდარდობ, ვწერ და შიში მიპყრობს-
წერაც რომ არ ღირდეს..
სადაც არ ღირს გადარჩენა, მოკვდები და არც ეს.
ფასი არ გაქვს დედა ხარ თუ
პოეტი თუ ქალი..
ვერ ერგები დაბადების პროლოგსა და სარჩევს..
ნაღვლობ-
''ელი, ელი, ლამა საბაქთანი?!''