მთის


მთას ნუ წახვალ..
მძიმე არის მთის ჯავრი.
გულს დარდად რომ შემოგაწვეს რაღა ვქნა.
გიამბობენ მთები -
როგორ მიყვარდი.
ხმით ნატირალს შენც გიმღერებს აღათო.

არ წახვიდე მთაში, გესმის, (?!)
ნუ წახვალ.
ნუ მოუსმენ, მთათა ლოდად ნაფიქრალს.
ამოიდგამს კლდე, ლოდი და მიწა ხმას,
ჩემი სევდის ამარკორდი რომ გითხრას.

ნუ ჩაივლი იმ კოშკთან და იმ სახლთან,
ხსოვნა რომ დგას იმ ქალის და იმ კაცის.
ყველა კოშკი საიდუმლოს ინახავს,
შუბლს უმშვენებთ ნისლიანი სიმკაცრე.

თვლემენ მთები..
მათ ძილს ჰქვია საღათა.
ესიზმრებათ "ამბრნი, უმბრნი, არაბნი".
ესიზმრებათ სევდა სხვათა და სხვათა.
სდუმან, ფიქრთა საიდუმლო დარაჯნი.

მძიმე არის მთათა ჯავრი.
მაფიქრებს.
მთაში სულ სხვა განცდა მოაქვს "პეტრიკორს".
ღამე იცის საოცნებო, საგიშრე,
რა იქნება ამ ღამეში მეც ვიყო(!)
...
მთას წავიდა ჩემი ბიჭი, აღათო.
ხმით ნატირალს ნუ უმღერებ, დედისავ.
უკან თუ არ დამიბრუნდა რაღა ვქნა.
მისი ნახვა ვაი თუ არ მეღირსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი