მტკივა


ჭლექიანივით მოგორავდა ნისლი ფერდობზე
და დამჭკნარ ღრუბლებს აწითლებდა ქარი ელვაში.
ღამემ მუზათა ცვარი შობა სევდის სარკმელზე,
ბგერის აკიდო დუღს სიმწიფით ლურჯად მელანში.

სიტყვათა ხნული არ დაკარგავს მარცვალს სიმართლის,
მზე ამოდის და დედამიწას უხშობს სისხლ-ძარღვებს.
დღე აისვეტა და ჩამოჰგავს ცის ფოკუსს, ათლილს,
წევს სიკვდილი და ხვნეშის, ვიდრე ბედი იძაღლებს.

მე ვეფერები სიცივისგან გათოშილ ლექსებს,
გულიდან ვწურავ უკანასკნელ სითბოს, დაღვენთილს.
ქრისტე ისევ ჰბანს მოღალატეს სისხლიან ფეხებს,
ლურჯო, სიკეთის ჯეირანო, რა შორს წახვედი.

ძვლები მემტვრევა სიმწრისაგან ქარის წისქვილზე,
გული ყელამდე ამოდის და კბილებით ვფლეთავ.
გუშინ სიცრუის სარეცელთან მზერით ვიკივლე,
ხვალ კი ვიღაცა შემიგინებს ლომისს და მლეთას.

სარკმელს სისხლიანს ჩემი ხელის...გული ატყვია
და საქართველოს ცხელი გული კვნესის კოსმოსში.
მიწას ნაწამებს, დატაცებულს და სულს ნატყვიარს,
რომ შემძლებოდა ვუწამლებდი, ტკივილს მოვსპობდი.

მაგრამ მე, როგორც ათასიდან ერთი თავთავი,
მოცელილივით ჩავკარგულვარ მძაღე ჭაობში.
უძლურებისგან ნაღველ-ნაღველ სისხლში გავთავდი
და ჩემს მზერაში გალაქტიკავ!... არარაობდი!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი