წერილი დედას
კვლავ შემოიხვევს დედამიწა ღამის პენუარს და ეს სიბნელეც ისევ ურცხვად ახმიანდება. დედი, ნუ მელი, მგონია რომ დღესაც ვერ მოვალ, უკვე ვხვდები, რომ უსაშველოდ მაგვიანდება. დედი, ნუ დარდობ, დამანახე თბილი ღიმილი, მე ვერ ავიტან შენს თვალებზე ცრემლის დინებას. კიდევ მთავრდება უშენობის ერთი ივლისი და მონატრებით ჩემთან ერთად ღამეც იღლება. ზეციურ პარიზს დასტირებენ ჰუგენოტები და დილით ისევ მზის ეტლები რხევით ამოვა. დედი, დახურე სარკმელი და ნუ მელოდები, უკვე დაღამდა, დედი, ალბათ, დღესაც არ მოვალ. დე, შემინახე, ბავშობიდან ის დღიურები, ჩემი ლამაზი დღეები რომ მძივად ავკინძე. დე, გავიზარდე,იმ ბავშვივით არ ვიყურები, სათამაშო, რომ წაართვეს და გული ატკინეს. ახლა დიდი ვარ, ახლა უკვე მტკივა სხვაგვარად, დე, რომ იცოდე, ამ წვიმებმაც როგორ დამღალეს. ბევრჯერ ვინატრე ვყოფილიყავ ისევ პატარა და ჩამეკიდა ხელი შენი კაბის კალთაზე. უკვე დიდი ვარ, ცხოვრებამაც ბევრი მასწავლა, მაგრამ ბავშვური ტირილი ჯერ ვერ მივატოვე. დე, რომ იცოდე უცხო გზებმა სად არ მატარა, რამდენჯერ დაბლა დაცემული გზად მიმატოვეს. ახლა კი, ისე გავძლიერდი, შენც გაიოცებ, თუმცა უსაზღვრო მონატრება არ იკლებს თოვას. დე, მაპატიე და ეს გრძელი გზა დამილოცე, დე, არ იდარდო, ვიგვიანებ, მაგრამ მე მოვალ. 2014. Aix les Bains. France
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი