შენ იცი ერთმა


ასეთი მსუყე დაზამთრება არსად მინახავს,
ასე ფარფატა ფრთაფიფქები, აქ რომ სცოდნია.
ჩვენს საიდუმლოს ზამთრის პირი შემოინახავს
და მე დაგიწერ მეცამეტე ცის სიმფონიას.

ფორთოხლის ფერად მოგიხატავ მზეებით ზეცას,
შენი შვილების ბედნიერი ვიქნები დედა.
სამყაროს თუნდაც ჯოჯოხეთის მანტია ეცვას,
მე ჩემს სამოთხეს შენი სულის სიღრმეში ვხედავ.

ასეთი ცივი იანვარი, აქ რომ სცოდნია,
არსად მინახავს, დედამიწის არცერთ განედზე.
ჩემი გრძნობები, რომ იცოდე ჩემზე მორცხვია,
ისიც კი მიკვირს ლექსის წერა როგორ გავბედე.

როგორ გავბედე მეოცნება შენზე და ღმერთმა
იცის, რომ შენთვის მიწერია სულ ყველა ლექსი.
ღმერთმა იცის და რა თქმა უნდა შენ იცი ერთმა,
რომ მე შენს გამო სამყაროსაც უთუოდ შევცვლი.

ჩემი და შენი ქოხი ალბათ იდგება სადმე
ტყის პირას სადაც ყველა ღამეს ფერი აქვს იის.
სარკმელს მოვარგებთ ჩვენი გრძნობით მოქსოვილ ფარდებს
და ყოველ დილას გვირილების საკრეფად ვივლით.

ეს დედამიწა მოვიარე ნერვებით ნატკენ
გზებზე და ყველა განსაცდელი მრჩებოდა ეკლად.
მას შემდეგ ძალას სიცოცხლისთვის მხოლოდ შენ მაძლევ,
ღმერთმა იცის და რა თქმა უნდა შენ იცი ერთმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი