მზენაკლული დღეებიდან
შენ ჩემი თმების სურნელება გედგა თვალებში, მე კი ნერვებთან სისხლის ყველა წვეთი მტკიოდა. ვიბრძოდით, თითქოს ვალი გვქონდა მარადისობის, ვიბრძოდით, თუმცა არაფერი გამოგვდიოდა. ჩვენზე ამბობდნენ, რომ ყველაზე ''კაი ტიპები'' ვიყავით იმ დროს, იმ მომენტში, იმ საუკუნეს და რა იცოდნენ, რომ მე და შენ ამდენი ბრძოლით, ერთმანეთს მცირე თანაგრძნობაც ვერ დავუბრუნეთ. ქროდა ქარები, უსაშველოდ ქროდა და ჩვენ კი უხმოდ ველოდით ამქვეყნიურ გამოდარებას. მე დავიღალე, მაგრამ ვგრძნობდი შენი დაღლილი გული, თუ როგორ არ იმჩნევდა უღვთო წამებას. შენ არ იდარდო, დაიკიდე ფეხზე სამყარო, არ გვიმართლებს და გადავღებოთ ცხოვრება ისე, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაინგრეს გზები, რომ ეს სიცოცხლე ჩვენი ხელით ეშმაკებს მივცეთ. წუხელაც ცივი, გამყინავი იყო ოთახი, შენ კი გეძინა დარდიანად, ყველაფრით დაღლილს. მე კვლავ ვფიქრობდი და მტკიოდა ნერვებთან სისხლი, სისხლი მტკიოდა და ნერვებსაც დროსავით ვკლავდი. კიოდა ქარი ჩვენი სარკმლის ყველა ხვრელიდან, მთვარე გაწურულ, გამოფიტულ დედის გულს ჰგავდა. შენ გეძინა და ჩემი ხელი მაჯებს გითბობდა, მე კი ეს ბნელი, მზენაკლული დღეები მკლავდა. ვფიქრობდი, თითქოს ეს ფიქრები კვნეტდა გონებას. ციოდა, ღამის მაქციები მთვარეს კორტნიდნენ. შენ ჩემი თმების სულნელება გედგა თვალებში, მე კი უმზეო ღამეებმა ბოლო მომიღეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი