იყო და არა იყო რა


პარიზი, ლუვრი და მოხრილი ღრუბლების ვაგონებს,
მწკრივებად მიჰყვება ფიქრი და აშლილი გონება.
დღეები დარდისგან განასკვულ მარყუჟებს მაგონებს.
ვიღაცა გაუძლებს, ვიღაცა ტკივილით მოკვდება.

ღამე მგლოვიარე, ჩუმად აიტუზა ''ნოტრ-დამთან'',
იმედის სხივები ნელ-ნელა აკლდება ლამპიონს.
ცოდვები... ცოდვები... ო, ისე ძალიან მომრავლდა,
ვლოცულობთ და ღმერთსაც  სხვა რა დარჩენია, გვპატიობს.

წუხანდელ ნაწვიმარ ტროტუარს უაზროდ ვაბიჯებ.
ფიქრებმა... ფიქრებმა მასწავლეს უღმერთო დუმილი.
მგონია სამყარო შეშლილა, ანდა მე მაგიჟებს,
მტკენენ და ტკივილებს კისერზე ვიმაგრებ ყულფივით.

დამჩემდა უძილო ღამესთან დამღლელი დუელი,
სიბნელეს ვუხამებ გულიდან მოწყვეტილ ნაპერწკლებს.
ბედნიერ განთიადს ყოველ ღამ ამაოდ ნუ ელი,
ყველა გათენება მოდის და ერთი დღით გაბერებს.

ვეძებდი ნატვრის ხეს და როგორც საბრალო მარიტა
უკუღმა მოვერგე, (თურმე ამ ცხოვრების სახედარს).
გავუძლებ როგორმე... როგორმე სასჯელსაც ავიტან.
ბოლოს კი ყველა გზა მაინც ერთ ნაპირთან მთავრდება.

პარიზი, ლუვრი და მოხრილი ღრუბლების ვაგონებს,
მწკრივებად მიჰყვება ფიქრი და აშლილი გონება.
დღეები სისხლისგან დაწერილ სტრიქონებს მაგონებს.
ერთ დღეს რომ - ''იყო და არა იყო რა_თი'' - მორჩება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი