იწვიმე


აღარ მოხვიდე, რადგან ისე დაგაგვიანდა,
როგორც გაზაფხულს დაღვინება მარტის მკლავებში.
არ გელოდები, სტრიქონებზეც დამრჩა იარა,
უმთვარო ღამის დარაჯივით  დავიარები.
აღარ გათოვდე, რადგან თოვლზე ნარჩენ ნატერფალს
ვეღარ წავშლი და ამ ქაოსს ვერ დავემალები.
მხოლოდ იწვიმე, რადგან ბედმა ისე დამსეტყვა,
მინდა განვბანო ცის ცრემლებით ნაიარევი.
აღარ დამწერო ფრესკებად და აღარ დამხატო
უდაბნოს ქვიშის მირაჟებად, თორემ ერთ დღესაც,
ამოვარდება სამუმი და ბედო გამქრალო,
საით წაიღებს ჩემს არეულ სულს და გონებას,
აბა ვინ იცის... ვინ იცის და... ან ვინ გაუგებს -
შეშლილი მარტის ორაზროვან ფიქრს და ხასიათს.
მე ყოველ ღამე ფრთხილად ვუსმენ უფლის ნაუბნებს,
ანგელოზები სასთუმალთან სიზმრებს მარცვლიან.
არ დამიძახო, რადგან ახლა - ისე შორია,
ჩემი ფიქრი და უჩვეულო აზრთა კოლონა.
მე ვერ მომწვდება შორეული ეიფორია
და ვერასოდეს მომაბრუნებს იმ გზის ბოლოდან,
სადაც გავედი, სადაც მივწვდი ჩემი მზეების
მეწამულ სხივებს, ლურჯი მთების გადმოსახედზე.
სადაც ნისლებად მარადიულ ღრუბლებს შევები
და რა აზრი აქვს შენ მიწაზე ტყუილად მეძებდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი