...(რაღაცნაირი საღამოა)


რაღაცნაირი საღამოა..
დაგაწერინებს.
სულ რომ არ ელი, მაშინ იწყებს სისხლი ფორიაქს.
ზოგჯერ ფიქრები (გაფრენილი) გვანან წეროებს.
სიტყვა კი ციდან მოვარდნილი გეზელქორია.

რაღაცნაირი სიმშვიდეა - შეურაცხადი.
ადრე თუ წერდი ტკივილებით,
კარგად ხარ ახლა.
შენ შენი ლექსის სტრიქონებით მოწნულ ფაცხაში-
შინ დაბრუნებულ უცხო ამბის ემიგრანტს გავხარ.

რაღაცნაირი ღამე დგება - წლებს რომ გიმატებს.
სარკე დაითვლის მოციმციმე ნაოჭებს - 
თურმე
კვლავ არაფერი გაგეგება (ვერ მოინათლე) 
ცხოვრებას ყველა გაწნულ სილას ბავშვივით უთმენ.

რაღაცნაირი ყოფნა სცადე არ გაპატიეს,
რაღაცნაირად მოიწყინე შეგარგეს არც ეს.
ასი ჭაპანი (გუთანი რა..) ლექსი გასწიე.
რასაც მოიმკი (წესი არი) იმასვე დასთეს.

რა დაგითესავს, რა დაგრჩება, ლექსებს წამოკრეფ.
რა იცის მტერმა, მეგობარმა..
ან ვინ რა იცის.
ყოველი დღე რომ სხივის თითო ბწკარით დამოკლდეს -
შენ დაუწერელ ღამეების სევდას განიცდი.

განა რა არის, არაფერი..
ესეც გაივლის.
გზა ვერ დაიტევს წამოცდენილ ზამთრის სითეთრეს.
იქნება თოვა - სიჩუმემდე რაღაცნაირი,
თითქოს ცა მიწის დუმილს მკაცრი ყინვით ითმენდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი