უემოციო


აქ არ ჰყვავიან ატმები და აღარც ტყემლები.
აქ ვერ იპოვი გრძნობააშლილ ქათქათა ნუშებს.
უძილო ღამის მოდარაჯე, 
ისე ბერდები,
ფიქრობ და გიკვირს, წვიმას გულს რომ არავინ უშვერს.
არავინ უცდის მზის ამოსვლას 
და არ ელიან
განთიადს ჩიტი სიყვარულზე, როგორ უგალობს.
ათასი ვერსით ჩამოგშორდი და რა ძნელია,
რომ ვერ გპოულობ, რომ არსად ხარ,
გეძებ, უფალო!
აქ მზის ჩასვლაც კი არ იციან, ზღვას რომ უხდება,
აქ აისობას ზღვა გულს ირევს მკვდარი მზეებით.
არავინ დარდობს, 
არვინ ჩივის 
და არ წუხდება,
მე კი დაბოღმილ საუკუნეს ვეღარ ვერგები.
დავდივარ ჩუმად, 
ვწრუპავ ჩაის, 
ვწერ და მგონია...
შევცვლი სამყაროს, მაგრამ ვხვდები - მე შევიცვალე.
და ეს ლექსებიც დეპრესიის ალეგორია
გულის კედლიდან სტრიქონ-სტრიქონ ჩამოვითალე.
დავრჩი უგულოდ, 
უნიათოდ, 
უემოციოდ.
ვფურცლავ დღეებს და ვუცდი, ალბათ -
უფრო არაფერს.
ვფიქრობ ხშირად და ვცდილობ სიტყვებს დრო შევურჩიო.
ეს დრო - მე, შენ და იმ სხვას და სხვას სახელს დაგვარქმევს.
ვიცვამ სიმშვიდეს, - ეს გარედან, თორემ ნერვები,
საავდროდ შეყრილ, 
ელჭექიან ღრუბლებს წააგავს.
ვეღარ ვტირი და ვეღარც თბილი წვიმით ვსველდები,
ისევ ლექსებად მოგიკვდები, ჩემო, ამაღამ.
ვკითხულობ, 
ვწერ და ფიქრიანი ვაბიჯებ ქუჩას,
ვუცდი თოვას და ღამით ქარსაც ვუღებ დარაბას.
ტკივილზე ფართოდ განახილებ თვალებს დავხუჭავ.
ვისწავლი ტკბილი მომენტების ფსკვნილზე დამარცვლას..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი