ჩაძირვა


ფერფლი, რომელიც ზღვას მიჰქონდა მშვიდი რხევებით,
იყო ჩემი და თურმე ისევ მომკლეს თავიდან.
ცხოვრების ბრძოლას ცარიელი ხელით შევები,
ახლა ნუ სწუხხართ, 
გადარჩენა უკვე არ მინდა.

თბილი სილურჯე ჩავიგუბე ვენებში ნაცვლად
სისხლის და ტალღებს შევუხამე მაჯების ცემა.
საოცარია - სიმარტოვე, შვებაა ახლა,
მივენდე ზღვას და 
შინ მოუსვლელ ხომალდებს ვგავარ.

და ჩემი თმები - განწირული გემის აფრები,
სახსოვრად დარჩა ოკეანის ქალღმერთ - სირინოზს.
შვებაა, როცა საკუთარი ნებით მთავრდები,
და სულ ერთია, 
თუნდაც ღმერთმა აღარ მიგიღოს.

ჩემი თითები - დაღარული მიწად და სისხლად,
თან გავიყოლე ტკივილის და ცოდვების მომსწრე.
მე ვერ გავბედე აღსარება, - ვერ ვნახე მირქმა,
და ამ ცოდვებმა,
სინანულით უღმერთოდ მომკლეს.

ჩემი მზერა კი - დანისლული უთქმელი დარდით,
დავუთმე ცაში მოელვარე ზღვისფერ თოლიებს.
დედამიწაზე დარჩენილი ''ობოლი ბავშვი''
თუ არ წავედი, 
ვიცი მაინც ბოლოს მომიღებს
ცხოვრება, როგორც უმადური დედინაცვალი.
მე გადარჩენას ფაფარაშლილ ტალღებში ვეძებ.
და თუკი არსად არ იქნება ჩემი საფლავი,
ჩემი ლექსებით დამიჯერე, 
ჩემს პოვნას შეძლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი