ფოთოლცვენა


მოდიოდა შემოდგომა ქარვისთვალა
და შვენოდა ოქროსფერი დიადემა.
მე კი შენსკენ მოვდიოდი, 
(გამიავდრდა).
კაბის კალთას ღამემ ქარი მიადევნა.
მოვდიოდი.
ფოთოლცვენის შარი-შური
აბრეშუმის სტრიქონებში კეკლუცობდა
და ოქტომბრის პაემნებად დანიშნული
წვიმის მშვიდი პრელუდია მეუცხოვა.

ვერ ნაკეცი უსასრულო გზა  მჩუქნიდა      
ეშმაკურად მოციმციმე ოლეანდრებს.
დაგინახე. 
სიხარულით ამომიჯდა,
გული.
თურმე მომენატრე. 
მომენატრე.

შენს თვალებში ამოვაშრობ მოლოდინებს.  
ზღვის ღელვისას მოკამკამე ლაზურიტებს.
ნეკერჩალთან გნახე ჩუმად მომლოდინე
და შენს ღიმილს სიყვარულზე დავუფიცე.
მახსოვს თითებს უკოცნიდი კამელიებს.
ჩემს სარკმელთან დასვენებულ კამელიებს.
უჩემობას აბრალებდი არ თოვებს და
თოვაშიც ხომ არაერთხელ აგერიე.

შემოდგომის ქარში ნაზად წკრიალებდა
იისფერი ოცნებების ამეთვისტო.
ჩამჩურჩულა თბილი წვიმის ღვიარებამ
"უყვარხარო" - ამის მეტი რა მეთქმისო.

შენთან ვარ და თითქოს მაინც ვაგვიანებ.
შენს თვალებზე მოფერებას ვაგვიანებ.
ნეტავ, ხომ არ დამეღალე, ჩემო ბიჭო.
ამინდივით, ნეტავ, შენც არ გამიავდრდე.

დამაფიქრა სევდიანი მინორებით
აბრეშუმის ქარვისთვალა ოქტომბერმა.
ჩვენს შორის კი ავბედითი ირონიით
ჩამდგარიყო პოეტური ფოთოლცვენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
აპრილი1 თვის წინ

ბრავო!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი