ცხოვრება


არ იცი, როგორ დაიწყო.
როგორ განასკვო და ამოაგვირისტო 
გულამოლესილი, 
ქუთუთოდანესტილი სიტყვები.
ნაკუწ-ნაკუწ, 
ტკივილ-ტკივილ შეკოწიწებული 
ფიქრის უბეებში გამოხვეული და 
თბილად თავქვეშ ამოდებული მოგონებები.
სკოლის იმ სახელმძღვანელოსავით 
აბზაცებად რომ დაიზეპირე და 
მაინც ბალიშის ქვეშ დებ -
დილით უკეთ მემახსოვრებაო. 
ან იქნებ იმიტომ რომ სიზმრებმა მოგიტანონ 
ხორცშესხმულ-განამდვილებული.
ხორბლისფერი მზეებითა და ბავშვობისსუნიანი სითბოებით.
იმ ბავშვობის რომ წამოხვედი და 
სამუდამოდ გამოიხურე შენი მოხუცი სოფელი. 

მოდიოდი და მოაშრიალებდი 
აბრეშუმის იისფერ ზაფხულებსა და 
ფარჩის ჭრელა-ჭრულა შემოდგომებს.
ატმის ყვავილობით ატკვარცულ ორღობეებსა და    
ფიფქადნაზამთრალ მელანქოლიებს.

მოდიოდი და ეტაპებად გშორდებოდნენ 
ნატვრებდანთებული, 
წელში მოხრილი სალოცავები. 
მათ კარზე ამოსული მატიტელა ოცნებები და 
მრავალძარღვა იმედები.

ცხოვრება რის ცხოვრებაა 
ერთხელ თავსზემოთ თუ არ დაგიტრიალა მძიმე დოლაბები.
თუ არ ჩამოგიფქვა და ჩამოგინაცრა 
ყველა ძარღვიანი იმედი.

მატყლის საჩეჩელივით თუ არ აგიბურდა 
დავარცხნილ-დაკაპიწებული მოლოდინები.
უკუღმა თუ არ დაგიტრიალა ბედისწერის თითისტარი.
წელში თუ არ გაგტეხა.

რწმენა თუ არ დაგაკარგვინა და 
ღმერთი არ გაძებნინა.
ნაკუწებად თუ არ გაქცია მაკრატელა იმედგაცრუებებმა, 
გვალვით დახეთქილი მიწის ჭრილობებზე თუ არ მოგაბნია.

ვინ იცის რამდენჯერ მოგიწევს 
საკუთარი თავი წამოკრიფო და შენი ხელით დაკემსო.
გულზე ნიჟარები შემოილაგო და 
მარგალიტივით მოუფრთხილდე. 
მოუარო.
თორემ გაგისკდება.
ნაფლეთებად იქცევა და თვალებიდან წაგსკდება.
ცრემლისფერ მტრედებად გამოგიფრინდება.
იმ მტრედებად, 
ბებიას რომ მოჰყავდა ყოველ დილას 
შენს სასთუმალთან და მერე 
აივნიდან ერთად უშვებდით ცისკენ. 
იმ მტრედებად ამდენი წელი 
გულისგულში რომ ინახავდი და 
ანგელოზებს ეძახდი.
იმ მტრედებად ბავშვობა რომ შემოგინახა.

უკან მოვიხედე.

მშიერი ბარტყებივით მიღებდნენ ნისკარტებს 
ბავშვობის დღეები და სულს ღაფავდნენ.
გამოვიხურე მოგონებები და წამოვედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი