0 0 7
ქალი?!
ქალი?! -
ქალი, კარგო, სხვა სხივია - მე ნუ მიცქერ.
ხე ვიყავი, მერქანი და ფერფლად ვიქეც.
მჯერა, მალე ქვად ვიქცევი, მაკრავს ხავსი.
მაპატიე, რომ შეცდი და შეგიყვარდი.
ქალი?! -
ქალი უფრო წმინდაა და უფრო დედა.
ჩემს არსებას სულზე ობი უგროვდება.
სახლს ნუ მჩუქნი, მაპოვნინე "ერმიტაჟი".
მომიტევე, რომ შეცდი და შეგიყვარდი.
ქალი?! -
ქალი ნაზი - რომაული რევერანსი.
ნაიარევ ლექსნადენი მე - მელანი.
დგება ბინდი, მწიფე ლექსებს სხეულს ვაჭრი.
ცის წყევლაა პოეტს თუკი შეუყვარდი.
ქალი?! -
ქალი თეთრი, მითიური ამორძალი.
მე ბრმა სევდა კანზე წყლულად გამომაყრის.
დამითმია ყოველი დღე ქალებისთვის.
ტკივილისგან კუნაპეტი ღამე მიხსნის.
ქალი?! -
ქალი ისე სათუთია, ნათელია.
მე თვალებზე თალხი ბინდი მახვევია.
მაგრამ ჩემო, დაიჯერე ერთი რამე-
პოეტივით ვერასოდეს შეგიყვარებს.