ნაფიქრალი
ბასრ შუაღამეს, უმთვარობას (სადღაც ძილის წინ) აბრალებ. წევხარ, თუმცა უფრო ზღვარზე ტივტივებ. ბლანტი ამინდის ფერი გახდა შენი ღიმილი და რომ შეგეძლოს სველ ამინდზე მძაფრად იტირებ. მაგრამ ტირილებს, ღიმილებს და ადამიანურ გრძნობებს, იხსენებ - გადაუსვი წითელი ხაზი. და როცა ქარი მზერას ურცხვად ანაგვიანებს, ნანობ, რატომ არ მოიზომე ერთი ნიღაბი. ნედლი სითბო და გულწრფელობა როცა გათელეს, ორმაგ სახეებს ხორცშიშველი სახე ახალე, და ახლა სულის თეთრ ნამსხვრევებს ვეღარ ამთელებ, და ვერ მიათრევ ნატკენ მუხლებს ნაცნობ სახლამდე.. ნაცნობ კი არა. . უცნობია სახლიც, დარაბაც. . ქუჩაც, ქალაქიც, არსებობამ გაგიუცხოვა. აქვე კი, სადღაც ორიოდე ქვეყნის გადაღმა ცხოვრებამ ყველა ჩასუნთქვაში ხარკი მოგთხოვა. გამორეცხილი ცნობიერით, ელექტროშოკით, თეთრი ანფასით ამოყინულ თვალებით, ჩამქრალ, ცრუ სამყაროსთან უპორობო კონტექსტში მოხვდი და ახლა ზურგზე ხელებაკრულ პათოლოგს გავხარ. ყველა სიმპტომი ნერვიული გახდა გზადაგზა - ძველი. ახალი. შეჩვეული. სადმე ქრონიკულ ტკივილსაც ჩუმად გადაყლაპავ, ლექსად დახატავ და მერე იქნებ ბნელ გამზირზე, წმინდად მოლიპულ გზაზე უეცრად ფეხი ისე აგისრიალდეს, რომ აღარავინ არსებობდეს ხელი მოგკიდოს. მიდი და მშვიდი დანანებით თავი მიადე სევდას და ისევ წამოდექი, უხმოდ შენთვითონ, რაც არც პირველი იქნება და ალბათ არც ბოლო. რადგან ვინც დაგრჩა, ვინც გახსოვდა არ გყავს არავინ. ან აღარ ყავხარ არავის და ჩუმად ნატრულობ, რომ არ აღმოჩნდე გამჭვირვალე, მკრთალი ნაზავი წარსულს და აწმყოს შორის მყოფი უცხო ატომი. რომელიც ისე გაირიყა ორგანიზმიდან, ვერშემჩნეული, ჰორიზონტებს მიღმა დატოვეს, ამოძირკვული ნაცნობ კვალთან ვეღარ მივიდა. .. ფიქრობ და გტკივა ძილისწინა ფიქრის სიბლანტე. აწყობ ფერმკრთალი რეალობის მტკივან ფირფიტებს. იცი რომ უნდა არსებობდე. უნდა გიყვარდეს. მაგრამ წევხარ და ცნობიერის მიღმა ტივტივებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი