ისე. შემთხვევით
იმდენად სავსე. . ხარ ლექსებში სათქმელს ვერ ატევ. იმდენად მარტო - საკუთარ თავს ეცოტავები. იღიმი, თითქოს საღიმილოს რამეს ხედავდე. იღიმი. . სევდა გულში გიკრავს თეთრი მკლავებით. დაუშვებ მხრებს და თავდახრილი იდუმალება შეეხიზნება მიწისქვეშა გადასასვლელებს. მზერამტკივანი ცა მიწაშიც არ იმალება. წვიმა კი ზოგჯერ მიწის ზემოთ ვერ დაგასველებს. . ფიქრობ და იწყებ უსასრულო გზების აკენკვას. შენობებიდან კრეფ ნელ-ნელა ფერმკრთალ აივნებს და აღარ გინდა. . აღარ გინდა ზემოთ ახედვა, თითქოს შენს ტკივილს, ან ჩანაფიქრს ღმერთი გაიგებს. პირამოტეხილ ასფალტებზე აკრობ ნაბიჯებს. როგორც აკრობდა შემოდგომა ფოთლებს ნეკერჩხლის. გრძნობ, რომ ოდესღაც აქ ნაცნობი სევდა გაფინეს და მიაბიჯებ ძველ ჩიხებში. . ისე. . შემთხვევით. ისე. . შემთხვევით ჩამოჯდები სადმე მახლობლად. ღიმილს გაურევ მოგონებებს, ისე. . უბრალოდ. ისე. . შემთხვევით გაიხსენებ, რაც სულ გახსოვდა, რომ სხვას თუ არა, შენს თავს მაინც ჩამოუთვალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი