ქამანდი


როცა იმდენად არაფერი ხდება, რომ ღამეც
მოვალეობის მოხდის მიზნით მოდის და წვება
ხელის გულებზე, 
თვალებზე და იგონებ ამბებს,
რასაც სიზმარშიც გაიყოლებ 
და გული გწყდება,
რომ ეს ამბები, სიზმრები და მთელი ცხოვრება
იძულებითი რუტინაა, დიდი აბსურდი.
მძაღე ჰაერსაც ფილტვებამდე ჩასვლა მობეზრდა
და ჟანგბადს უცხო სხეულივით გარეთ აბრუნებ.
ყელზე მობმული ქამანდია - შენი აქ ყოფნა.
სხვისი შვილისთვის მონაყოლი გრძელი ზღაპარი.
სხეულს კი - შენი არსებობის მოსჯილ სარკოფაგს
აღდგომის მიზნით დღენიადაგ ჯვარზე აკრავდი.

უკვე დარწმუნდი, რომ ცოცხლებში მეტი მკვდარია
და შეშლილებში - გაცილებით მეტი ჭკვიანი.
რომ მოკვდავებმა არ იციან საით გარბიან
და რომ მათ ნებას არ ემთხვევა ბედის ფინალი.
როცა ყოველი მეორე და ყველა პირველი
სიცოცხლეს უშნო არსებობის კაპიკებს პარავს.
ემპირიული დაკვირვებით აზრთან მიხვედი -
ადამიანთა უმეცრებით ღმერთია ავად.

და კვლავ იმდენად არაფერი ხდება, რომ იკრებ
ძალას და იხდი თვალებიდან სიბნელის პერანგს.
იოცებ მიწა იმდენ უნდო ფსიქოპატს იტევს,
მგონი მათ შორის სიმშვიდემდე ნამდვილი შენ ხარ.
და როცა ისე უფერო ხარ, 
ისე ჩამქრალი.
უნდა გიკვირდეს თუ გაბედეს და შეგიმჩნიეს.
იგნორირება (თუ ღმერთი გწამს) დიდი ამბავი
ვინ დააფასებს ბნელი ღამის ცივ ემისიებს.
როცა ზეცაც კი დახურდავდა. 
მიწა გაიყო. 
როცა ვერცხლი - ღმერთს,
მძიმე სული უკვე - ეშმაკებს.
როცა იმდენად არაფერი ხდება რომ 
ღამევ, 
გინატრე...
მოდი... 
ცივ თვალებზე გადამეფარე.

საფრანგეთი
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი