ჯერ დამინახე
არ დამკარგო. ჯერ დამინახე. როგორი ვარ ამ ყრუ კედლებში. ჩემს ვიწრო და უჭერო ქოხში. როგორი ვარ იმ ნისლებს მიღმა, თვალს რომ ვერ აწვდენ. ჯერ დამინახე. შენ ხომ არ იცი, სამოსახლო მკრთალი სიზმრების. სადაც მუდამ წვიმა ჩამოდის, სადაც ქარია და არავინ გარდა ყინვების. ჯერ დამინახე. როგორი ვარ როდესაც მცივა, და შენ გინახავ უკანასკნელ, ერთ მუჭა სითბოს. როდესაც თოვა სხეულიდან მეწყება, როცა ეს თოვა უფრო მოგაგონებს მკვდარ ანგელოზებს, როგორ ცვივიან შორი სივრციდან. არ დამკარგო. ჯერ დამინახე.. დამინახე იმ მკვდარი წლების, იმ ოცდაათი ჩემი საფლავის და ამდენივე დაბადებით ნაგრძნობი ბასრი ტკივილის მიღმა. ჯერ დამინახე. ჩრდილოული ღამის სევდაში, ათასი გზით და ჩაკეტილი ლაბირინთებით.. როგორ ვქარგავ და ვაგვირისტებ შენთვის განკუთვნილ სავალ ბილიკს ჩემი სიცოცხლით. ჯერ დამინახე, რადგან თუკი სხვაა შენი გზა. სადაც იქნებ ფეხიც დაგიცდეს, წაბორძიკდე, კიდეც დასრულდე. და ჩემმა სუსტმა, მოცახცახე, შეციებულმა, შეშველებულმა ხელმა გითხრას, როგორ მიყვარდი. ჯერ დამინახე. როგორი ვარ, ჩემს ყრუ კედლებში.. ჩემს უჭერო და ვიწრო ქოხში, სადაც მე მე ვარ. ჯერ დამინახე, რომ მეც დიდხანს, დიდხანს გიყურო. ვიდრე დაგკარგავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი