წვიმის
ისე წვიმს. ისე წვიმს. ისე წვიმს, ამეია. ნაბიჯს არ ავუჩქარებ. ნიაღვარს ტკივილის წაშლის და დავიწყების სურნელი შეერია. ქვაფენილს აკაციის ყვავილი, დაღლილი, თოვლივით დააფინა ნიავმა.. შეხედე, რა წმინდა ფერებია!. მივდივარ, თვალებთან ხეები თავს ხრიან მორიდებით. ბინდდება.. და სველი ღრუბელი ცას შუბლზე ეწებება.. ფერებო წარსულის! ფერებო დარდების! არასდროს მომინდებით. სისხლით ვგრძნობ _ საშინლად მეწერება. წვეთებმა სახეზე ციმციმი მოიხდინეს.. (ცრემლებსაც შეშურდებათ) ჩამოდი მიწაზე და თმები გავიშალოთ.. (მაისის ამინდია). ჰორიზონტს მარადიულ სიმშვიდედ მოედეო - ცხოვრება მეუბნება. (სიცილი ვერ ისწავლეს.. უცრემლოდ ტირიანო.. წვიმაში პოეტები). . ისე წვიმს. ისე წვიმს. ისე წვიმს, ამეია. ნაბიჯს არ ავუჩქარებ. დღეს ვიყო გამჭვირვალე, გარშემო მიარონ ლანდებმა საწვიმრებით. მე კი ეს ტკივილები, დარდი და მოლოდინი ნიაღვარს შევურიე.. წვიმაა ნაცრისფერი. მაციებს. და უფრო მეწერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი