დავით გარეჯი
უდაბნო.. სენაკი.. კელია.. გამოქვაბული და კატები. ამ ქვებთან მდუმარე ბერია. თვალს ავარიდებ და გავცდები. არ იცის, რომ მასზე მეტად მე მახურავს დუმილი სამარის. არ იცის, სიტყვით რომ ვეწამე. სიჩუმეს საშველი დავარქვი. ქარია.. ისეთი ქარია.. მიწიდან ქვიშას ცრის ფანტელად. სივრცეთა სიწმინდემ ამრია, კლდეების სიმშვიდემ გამთელა. ბეწვის ხიდებიდან ბილიკი, ვიწრო კიბეები, ფრესკები. უდაბნო ზეცისკენ მიილტვის, მე ქარში ქვიშასაც ვერ ვწვდები. სურვილი დიდია დარჩენის.. კატები.. სენაკი.. კელია.. თვალს ავარიდებ და გავცდები ქვებთან რომ მდუმარე ბერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი