პალატა 411


ოთხასმეთერთმეტე პალატაში  
მინიატურული ანარეკლი -
ვბორგავ.. 
ღამე ჩემზე ავად არი,
მასაც პულსი უცემს გამალებით.
ახლა უძილობა ტკივილია
და თუ ჩაგეძინა ამნეზია.
თითქმის შუაღამე მიილია,
მაჯებს ცის სილურჯე ამჩნევია.
კურნავს წვეთოვანი კაპილარებს.
გარეთ ქარი უკრავს მავთულებზე.
დილა ჭრილობებსაც დამიამებს,
ღამეს ლექსით რომ არ ვართულებდე.

ოთხასმეთერთმეტე პალატაში -
ცივი შუაღამე ხროტინებს და
უკვე პოეზიაც ავად არი
ჩემში სასიკვდილო მოტივებად.
საშიშროებაა დამოკლესი,
ყოფა პოეტისა დროებითი.
ყველა სნეულება ამომკვეთეს,
გარდა ქრონიკული პოეზიის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი