გაფითრებული ბაღის რტოებში
გაფითრებული ბაღის რტოებში თრთის უცივესი ზამთრის მოწყენა.. შენ სულის ნეტარ სიმარტოვეში პოეტის სევდა გესისხლხორცება. თეთრი ქალაქის ქუჩების მრუმე ხმაურმა დღეთა ნისლი გაკვეთა. დროის ელმავალს მოჰქონდა თურმე ხმაში ჩამდგარი სასოწარკვეთა. წუხელ უძილო თებერვლის ქარებს ბასრ ყინულებზე ფეხი აუდგამთ. შენ დროზე ადრე გარდაიცვალე, დრო გადარჩენას ვერ გადაურჩა. როგორც ყველაფრის მკურნალი ანდა, როგორც ჟამთასვლის დიდი მწერალი. სისხლში ფესვგადგმულ ტკივილებს გბანდა ვერშეგუებულ ბედისწერაზე. ბრმად დაეძებდი მშვიდობას ომში, და იბედებდი ომს მშვიდობაში. გულში იკრავდი თითებგათოშილ მტერს, აპურებდი მოშიებამდე. შეავედრებდი უფალს წარმართებს, ბოლოს ღმერთს სჯიდი მათი ხსნისათვის. შენ შენი თავი ისე წაგართვეს წამლად არ დაგრჩა ერთი მისხალი. ჟამი გაგთელავს როგორც მეტროდან გარეთ გამსვლელთა ბრბო - უტიფარი. გეგონა სათქმელს ლექსი იტყოდა, დარდს სალამურად გამოუთალე. ღამით სავსეა სახლი შოპენით. სისხლით იცლება დღე ამ სახლშივე. არ ღირდა მოსვლა, მაგრამ მოხვედი. არც წასვლა ღირს და უნდა წახვიდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი