მუნჯი დღეებიდან
დღეთა დუმილი.. ცარიელი ქალაქის ოხვრა.. ხსოვნა, თვალებზე შერჩენილი ცრემლივით წმინდა. მინდა იცოდე, რომ სიზმრებშიც სხვა მხარეს მოხვდი და შენი წვიმა სხვის გვალვიან მინდვრებზე წვიმდა. სპეტაკი თოვლი, ვინა სთქვა და, თუ იყო სადმე, შენი ჭერიდან ღამისფერმა ყორნებმა კენკეს.. დღემდე ნაგროვებ გაზაფხულებს - დაკვირტულ ამბებს, არ დაიჯერო! - ნაზი სიო მორეკავს შენკენ.. მაღალი ხიდის მოაჯირზე შემდგარი რწმენა, ხედავ, მიწაა თვალებიდან ზეცაზე შორი.. რადგან შენივე არსებობის ღმერთივით გჯერა. ჯერ არ წასული მატარებლის მინებზე ტოვებ- მარადიული გადარჩენის უღმერთო ამბებს, მოჩვენებითი სიმშვიდიდან საავდრო ღრუბლებს და მტრის ხელებში დატოვებულ სიცოცხლედ დარდობ სითბოს, რომელსაც ვერმოყვანილ გაზაფხულს უთმენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი