შუშაბანდიანი სახლი


ყველაზე ლამაზი 
შუშაბანდიანი სახლი მქონდა მთელ სოფელში..
სამკუთხედი სახურავით.
ჭერში მტრედები ცხოვრობდნენ.
მათი ფეხების წკაპუნს 
გამთენიამდე ვუსმენდი ზამთრის გრძელ ღამეებში.
ნაბიჯებს ვუთვლიდი და 
მათი ბუმბულივით ფუმფულა ფიფქების ფარფატს ვაკვირდებოდი, 
მოზაიკებად აწყობილი ფანჯრების მინებიდან.
ფიფქების ცვენის სიხშირით ვზომავდი 
სახურავზე დადებული თოვლის სისქეს დილისთვის და 
დნობისას დაწყებული წვიმებისთვის ვემზადებოდი.
ფერად-ფერად ლარნაკებს ვუდგამდი იატაკზე.
ჩემი სახლის ატირებული სახურავის ცრემლებს 
სათითაოდ ვაგროვებდი-

სანამ ყველაზე ლამაზი დედაჩემი,
სანამ ყველაზე ახალგაზრდა დედაჩემი,
სანამ ყველაზე პატარა დედაჩემი,
ვენახების ბოლოს მოჩხრიალე ყინულივით წყალში,
თავისი პატარა თეთრი თითებით
თოვლივით კამკამა თეთრეულს ხუთჯერ მაინც გაავლებდა.
სანამ ყინვისგან წითლად გავარვარებული ბავშვის ხელებით,
რკინის დიდ “ტაშტს” 
სახლამდე მოიტანდა.
სანამ შავი თუთის ხესა და 
მუცელფუღუროიანი თეთრი თუთის ხეს შორის გაბმულ თოკებზე 
სარეცხს გაფენდა..

ან 
სანამ ცომს მოზელდა.
მეზობლის თონეში წალამს დაანთებდა, 
მისი წვის ტკაცა-ტკუცზე აბრიალებულ ალს 
თვალს გაუშტერებდა და 
მერე ლამაზ ლავაშებს დააცხობდა..

უნდა მომესწრო და 
ცრემლები შემეშერო მტირალა სახლისთვის.
უნდა მომესწრო და 
თეთრი თუთის ხის ფუღურომუცელში შევმძვრალიყავი.
მერე მეჩურჩულა:

“ხეო, ჯერ არ გამაჩინო, ჯერ ადრეა დაბადება.
ხეო, ჯერ არ გამაჩინო, თორემ ადრე დავბერდები.
ხეო, ჯერ არ გამაჩინო, ჯერ დედაჩემს ხელი ეწვის.
ხეო, ჯერ არ გამაჩინო, ჯერ ხელები ეყინება.
მე როგორ მომეფერება,
მე როგორ მომეფერება.”

...

მე არ ვავლებ თოვლივით კამკამა თეთრეულს 
თოვლით დაფარული ვენახების ბოლოს მოჩხრიალე ნაკადულში.
მე არ ვაკრავ მეზობლის თონეში ლამაზ-ლამაზ ლავაშებს,
ჩემმა სახლმა არ იცის ტირილი, მაგრამ 
როცა თვალებიდან დაუწერელი ლექსები ამომდის,
სათითაოდ ვყლაპავ.
გავრბივარ ჩემს ოქროსთმიან ბიჭუნასთან და 
გულში ვიკრავ.
თორემ ჩვენთან არ იცის 
ხვავრიელი თოვები.
თორემ ჩვენთან არ დგანან
ფუღურომუცლიანი ხეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი