0 0 59
L'histoire du silence
ზღაპრები წამიკითხე, ჰაიდი..
მთის ფერად გოგონებზე,
თოვლზე და მწვერვალებზე.
ქარებზე..
აქ, ისევ იგივეა-
ხეები, შენობები, მოგონება.
დაკარგულ ჰერბარიუმს დავეძებ.
სევდათა, კაეშანთა ჩვეული სიძველეა,
არყოფნის შიში თავს არ მანებებს.
სიცოცხლე კი არა, სუნთქვაც კი მეძნელება,
დამიშრა შეგრძნებების სამელნე.
ლექსები წამიკითხე, ჰაიდი-
ზღვებზე და ხომალდებზე.
წვიმიან გემბანებზე.
ორკესტრზე.
მკვდარ ღმერთებს ჩამქრალი მზეები შეავედრე.
ჩემსავე სტრიქონებში მომძებნე.
მიმღერე იმ ძველი, ნაცადი ერთგულებით,
გრძელი, სევდიანი ამბავი-
მეგობრის,
რომელიც უბრალოდ გეგულება,
რომელთან მიდიოდი მხარდამხარ.
ზღაპრები წამიკითხე, ჰაიდი.
იებზე, კესანებზე.
ვერ დამდგარ ზაფხულებზე.
ზამთრებზე..
რთულდება ფერადი დღეების დასიზმრება.
უფიქრო ღამეები დამჩემდა.
ვერც წერამ ამიტანა, დუმილში დავივანე.
(დუმილი - გულგრილობის ემბლემა).
მიმღერე, ჰაიდი. სიჩუმე დამიამე,
თორემ უხმაუროდ ვბერდები.