ლოდინისფერი
დღეს ჩემი სარკმელი ლოდინის ფერია, დაისმა მზის სხივი მიწისკენ წაიღო. ფიქრები შორეულ ღრუბლებში მღერიან, რატომ დაგიჩემე არასდროს არ მკითხო. მიჰქრიან ქუჩები და უკან იტოვებს, სევდიან შენობებს წარსულის ფერებად. ეს ღამეც მგონია კვლავ თეთრად ითოვებს, თვალები სიბნელის სითეთრით ვერ ძღება. ოთახში ჰაერიც ლოდინის ფერია, მზე გულით მიეყრდნო სამყაროს ნაპირზე, ოქროსფერ თავთავის ტალღები სევდიან მუსიკის ჰანგებზე მოწყენას აპირებს. სიბნელის სიმძიმით ფიქრები ლოდია, უაზროდ ვაწყდები კედლების გისოსებს. შორეულ სივრციდან ლანდები მოდიან, სულში მოლოდინი ნაპრალებს მიტოვებს. კვლავ ვითვლი დღეებს და წამები ქრებიან, ზამთრიდან ზამთრამდე გავაბი სიმები. დღეს ჩემი სარკმელი ლოდინის ფერია და ვხვდები თანდათან ძალიან ვიღლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი