ზამთრისპირის სევდა
ფოთოლთა ცვენის და სიყვითლის ქრონიკები მთავრდებიან. ქუჩაში მეეზოვე აგროვებს შემოდგომის ნარჩენს. მეზობლის აივანზე ბეღურა ჩამოფრინდა ანტენიდან. ამ ზამთარს შარშანდელი, დამდნარი, ფანტელები მართებს. ნაცნობი ნაღველია, ჩვეულად ქრონიკული და თავს ტკივილი შეეჩვია, ისეთი უსაშველო თითქოს, ზის ვინმე დედაბერი შენს ფიქრებს თითისტარზე ართავს და მშვიდი გულგრილობით უნაზეს სადარდებელს გიქსოვს. ისეთი ამინდია, წვიმის და შიგადაშიგ თოვის. სარკმლიდან აღარ მოსჩანს ნისლიან მთაწმინდაზე ანძა. ვის გულშიც სიმშვიდე და სულის შესაფარი ჰპოვე, ბოლოს ხომ სულ ყველამ ღმერთივით სათითაოდ გაგცა. უბრალო საღამოა.. სველ სარეცხს აქანავებს ქარი. და სადღაც ქარიშხალი უფოთლო ჭადრის ხეებს როზგავს. დღეს თითქოს სიკვდილია სამყაროს სიცრუე მტკნარი. სიცოცხლე - ღმერთისგან შეთხზული უთავბოლო პროზა. ნოემბრის მიწურული უჩუმრად ატუზულა კართან. თუ გინდა სცადე და სარკმელი დაუგმანე აწმყოს. ვეღარსად გაექცევი სუნთქვაში შემოპარულ ზამთარს. ან რა დროს გაქცევაა, შეხედე რა ლამაზად გათოვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი