ნაწყვეტები


ვჩურჩულებ ჩუმად ნუგეშის სტრიქონს. 
ჩემში გასახლებ გაგათბო იქნებ.
ჩემს უკანასკნელ სუნთქვასაც გითმობ.
და უჰაერო სიცოცხლეს ვითმენ..

....

ცას ღამე თეთრად მიეყინა. 
        ღმერთების მეჯლისია ცისიქით. .
                ვათენებ და იქნებ არც გათენდეს,
    უბრალოდ ვერ გათენდეს. 
ვინ იცის. .


....

ისეთი სიბნელეა
ისეთი სიჩუმე, ვივიენ.
არავის ველი და 
წლებია არც იქეთ მელიან.
აღარ მაქვს ხალისი
არაფრის, 
დავღლილვარ, ვივიენ.
ეს გზებიც ისეთი შორი და 
ისეთი გრძელია.
(ვაცილებ ვაგონებს).
ვიგონებ. . .
რომ უკვე დიდი ვარ.
რომ ისე კარგად ვარ.
რომ ისე მამშვიდებს სისლეი.
მცდელობა - და ისევ არსაით მივდივარ.
დავგუბდი - ტბას ვგავარ. 
ოქტომბრის წვიმებით ვივსები.
ქარია. უღმერთო ქარია, ვივიენ.
არავის არ ველი.
არც იქეთ მელიან. . . იციან ვერ მივალ.              
შენ მაინც იყავი. 
შენ მაინც იყავი, ხომ იცი - 
აქ მარტო ძნელია.
ვივიენ. 


....

არ ბრუნდებიან,
სადაც უკვე აღარ ელიან.
არ ბრუნდებიან არც მერცხლები. 
არც ვაგონები.
ნეტავ იცოდე,
რა რთულია, ან რა ძნელია.
როცა გჯეროდა გელოდნენ და 
არ აგონდები
უკვე არავის დედამიწის არცერთ განედზე.
რომ არსებობას შენ თვითონვე გადაეჩვიე.
რომ არაერთხელ სიკვდილი და შობა გაბედე.
და არვინ იყო დაბადებას გადაერჩინე..

....

ცაზე სარკეების ანარეკლი. .
ქარი - დედამიწის არითმია. 
ღმერთო, სიცოცხლეს რომ მაძალებდი
მე ხომ დაბადებაც არ მიცდია. 


....


შენ არ იყავი.. 
მე უბრალოდ ვგრძნობდი ზამთრიდან.
როგორ უშენდა მომავალი წარსულს ფანტელებს.
აწმყო სამყაროს გარდამავალ ზღვარზე გაჩერდა-
მიწიერის და ზეციურის გამყოფ სარტყელზე. .


....


მე აღარ მახსოვს -
როდის მოვედი 
და ჩავიმუხლე შენს თვალებთან 
სამარადჟამოდ
☆

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი