რეფლექსი
მისმენ?! - როდესაც თეთრი კანი გახდება ლურჯი, დეკემბრის ყინვა დაგიკოცნის როდესაც განცდებს. ღამე თუ გვაცდის, მოგიყვები ამბავს, რომელსაც თვალებით ვდუმდი. გარეთ ქარია.. ფანჯრებს მიღმა ელვა ანთებს ყვითელ მონიტორს.. ჩვენი ღამეა, მაგრამ არ ვართ მასში არცერთი. წვიმა მატულობს და სიშორის უცხო ხმაური მასხენებს აწმყოს, რომელიც მოკვდა.. . მე მკვდარ აწმყოში მესიზმრება ძველი სიზმარი, და ეს სიზმარი შიშით სავსე ბნელი სახლია. სადაც ხარშავენ კაკლის ლებნებს, თაფლში აწყობენ.. სადაც გეძებ, როგორც წარსულს და ჯერ არ ვიცი, მომავალში როგორ დამტოვე.. . ჩვენ ერთმანეთის ღმერთი მოვკალით და ასეთ სავსე სიმარტოვეში ყოველ ღამე თავებს ვღალატობთ, არსებობის გასამართლებლად. გულაღმა ვწევართ სხვის სიზმრებში, მტვერი გვედება.. ავი ძაღლებიც აღარ ყეფენ და განვიცდით, რომ ამ გამჭვირვალე გზების სიგრძეს, ხელის გულებზე, ვინმე ამოხსნის.. . რა უცნაური გემო ჰქონდა იცი შენს სიკვდილს?! ნეტავ არასდროს გამესინჯა შენი სიცოცხლე. მაშინ როდესაც მკვდარი მე ვარ, შენ კი ცოცხალი, რა საოცარი სიყვარულით გამოგიგლოვე. . ნუ გამაღვიძებ, შენც ხომ იცი ჩემი ცხოვრება, მარადიული სიზმრებისკენ შებრუნებაა. საქვეყნოდ ვდგავარ და ჩემს ვითომ უმკაცრეს დუმილს, გამჭვირვალობით დასცინიან ჩემი ლექსები. ეს მოთმინებაც ასეთია - მარადიული.. თითქოს ოდესღაც ბედისწერის დავიწყე წერა, ახლა შევჩერდი და მომავალს აღარ ვკარნახობ საკუთარ აწმყოს.. . რატომ ხდება რომ როცა წასვლას ვაპირებ მუდამ ჩემთვის ჩამომდგან მატარებელს სულ შენ მიჰყვები, მე კი მშვიდი დუმილით ვითმენ უშენო სადგურს. . რატომ ხდება, რომ როცა ტანზე ვიხდი სიყვარულს, კი არ ვშიშვლდები, ვგუბდები და ყველა დახრჩობა ალბათობით ნიშნავს სიცოცხლეს . მე კი გიამბობ რეალობას- გარეთ ქარია. ელვა ანთებს ჩემს ფანჯრებში ყვითელ მონიტორს. ჩვენი ღამეა, მაგრამ არ ვართ მასში არცერთი.. არ ყოფნა შედგა. და მოვითხოვ - არ გამაღვიძო!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი