საყვედური


არაფერს გთხოვდი, სულ არაფერს, მხოლოდ ველოდი.
ველოდი, როდის ჩახედავდი თვალებს ისე ღრმად,
რომ დაგენახა, წაგეკითხა, სულის ჭრილობით,
რამდენს ვუძლებდი, მაგრამ ბოლოს როგორ მიღებდა
ეს სამყარო, თუ ეს ცხოვრება, არ ვიცი რომელს
გადავაბრალო ჭრილობები გულში ხინჯებად.
ყოველ დილას, რომ მძინარსა და სიზმრიანს მტოვებ,
მერე მთელი დღის აგონია ძვირად მიჯდება.
ძვირად მიჯდება მოლოდინი თეთრი მირაჟის
და ვერ მოსული თბილი თოვლის აკვიატება.
ეს სულ ერთია დამნაშავე ჩვენში ვინ არის,
შენ ხომ ყოველდღე უსაშველოდ გაგვიანდება
მოსვლა და ლოდინს ვეღარ შველის ლექსებად კვდომა,
პოეტურ ხიბლით გამოვუტან ჩემს თავს განაჩენს.
ამ საღამოსაც ნაღვლიანი ღიმილით მოხვალ,
ჩამეხუტები, მეც არ გკითხავ უკვე დანარჩენს.
რადგან ზღვას წვიმის უსიტყვოდაც მშვენივრად ესმის,
წვიმამ ვერ შეძლო ზღვის დუმილში პოვნა სიტყვების.
ვერც შენ შეძელი თვალებიდან აგეღო შენთვის
დაგუბებული სათქმელი და მგონი მივედით
იქამდე როცა მზე და სითბო სჭირდება ნერგებს,
მოფრთხილება და მოფერება ატმის ყვავილებს,
თორემ ხომ იცი სიცივეში ბეღურაც ვერ ძლებს.
გაიყინება და იანვრის თოვა წაიღებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი