პაემანი მთვარესთან


იქნებოდა ღამის სამი, - ან მეტი,
უნებლიედ მივადექი ტყის პირს.
დავითვალე ტანმაღალი ცამეტი
ნაძვი, წლებს რომ დღეებივით იცვლის.
იდგა ღამე - გაზაფხულად ქცეული,
თუმც სიკვდილის ფერი ჰქონდა სივრცეს.
შიშნარევი, ტყიდან გამოქცეული -
მთვარის ოხვრა, ყურადღებას იქცევს.
ჩამოვჯექი, ფრთხილად მომიახლოვდა.
მივხვდი, დარდის გაქარვება სურდა.
ყურთასმენას ტყის ღრიალი ახშობდა,
ახლოს იყო მთვარე, მაგრამ დუმდა.
მერე ასე უსიტყვობით მოვყევით
ერთმანეთთან, ნაგროვები სევდა.
ღამეს წითლად შეეფაკლა ლოყები,
განთიადი არ ჩქარობდა ბედად.
ვარსკვლავებსაც, შავკანიანი ზეცის
ჭორფლებს, უხმოდ მოეფინათ დარდი.
თოვლი - თეთრი ანგელოზის ფრთის ფერფლი
გახშირდა და... მარტია და... ბარდნის.
მციოდა და უნუგეშო მთვარესაც
სურდა მხრებზე მომხვეოდა თითქოს.
ნეტავი, მარტს ფიქრი საით გაექცა,
მთვარესთან, რომ პაემნებზე მიხმობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი