თუთა


შენ ამაყი თუთის ხე ხარ.
შავი თვალებივით ნაყოფს ისხამ.
ძლიერი თუთა, რომლის ტოტებზე მზე ისვენებს ყოველ შუადღეს.
მეც შენს ტოტებზე მქონდა ბუდე.
შენ გემრიელი ნაყოფით მამარაგებდი, მე ჩემი ოცნებებით განაყრებდი.
ნატვრებს ტოტებზე გაწერდი.
შენს ტოტებზე ხატვაც მიყვარდა.
ჩემი მესაიდუმლე და გულშემატკივარი იყავი.
მერე გავიზარდე და გაგიფრინდი.
ახლა შორს ვარ, მაგრამ გხედავ,
გხედავ, როგორ გიყვითლდება ყოველ შემოდგომაზე ფოთლები,
როგორ გაცლის ქარი და ძირს ანარცხებს აუხდენელ ოცნებებად.
ჩემი ნატვრები და იმედები შენს ტოტებზე რჩება.
გაზაფხულზე ხომ ისევ გაიფოთლები?!
იცი?! - ყოველ შემოდგომაზე, მე სული მიყვითლდება.
მერე ღამის ქარები ლექსებად მაცლიან და 
ყვითელი ფოთლებივით აფრიალებენ.
ერთი განსხვავებით,
ჩემი ლექსები, 
მიწის ნაცვლად, ზეცისკენ მიფრინავენ.
მერე ისევ გაზაფხული დგება.
ლექსებს არასდროს გავყიდი.
ლექსები, ჩემი სულის გაყვითლებული ფოთლებია.
ადამიანები კი სულს არ ჰყიდიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი