გაზაფხულება. 1. 2.


გაზაფხულება 1.
გადამფრენი ფრინველები ბრუნდებიან,
სამშობლოში შორეული ქვეყნიდან.
მათ მიჰყვება ტკივილი და ნოსტალგია,
რა ხანია დაბრუნება მეც მინდა.
ალბათ უკვე გაზაფხული შეეჩვია
ჩემი სოფლის თავაწყვეტილ ფშატებსაც,
ვარდისფერი ალუბლების ელეგია
და ათასი ვერ ჩამოსვლა მმართებდა.
მაპატიეთ, ვერ ნაკრეფი ენძელები
და უჩემოდ დაუმტკბარი მაყვლები.
იმ მშობლიურ სურნელებას ვერ ველევი
აპრილებად ასხლეტილი ატმების.
ალბათ ახლა წარსულ დღეთა ნატერფლებზე
იები კვლავ ''ბღუჯეულად ჰყვავიან'',
სიტყვა გოგლა ლეონიძეს დავესესხე,
დედაჩემიც იქ ტიროდა ნამდვილად.
ალბათ ახლა მეწამული ბროწეულის
ფერით ხარობს ჩემი ეზოს ბარდები.
თუთაზე ზის მზე პატარძლად მოწვეული,
მე კი ისევ უმზეობით ვმთავრდები.



              გაზაფხულება 2.
მარტი მოსულა, ამინდებიც გამარტებულა.
გაზაფხულებად პატარძლობენ თურმე ნუშები.
ჩემთვის არცერთი სიზმარი არ გამართლებულა,
თბილ ქვეყნებიდან მერცხლებს ისევ მარტოს ვუშვებდი.
ფრთებით ვატანდი კოცნებსა და სითბო-მოკითხვებს,
თან მოჰყვებოდათ ჩემი გულის არითმიები.
-ისევ მანდ რჩები?!
-არ მოდიხარ?!
-დედა მოგიკვდეს.
ცრემლებს იშრობდა დედა ას გზის განაწბილები.
ნუში აყვავდა ჩვენთან თურმე ისე ლამაზად.
ალუბლებს მორცხვი ვარდისფერი დაჰკრავს იერი.
მარტმა ნისლები ცხრა მთას იქით გადაალაგა,
მზე ამობრწყინდა სამგორიდან შენაციები.
ამოაჩოჩა სხივები და წმინდა ესტატეს
შემოახვია სათნოების ცხრა ლიტანია.
რას არ მივცემდი, თუნდაც ერთხელ კიდევ მენახე.
გახსოვს?! - შენს გზაზე, გული ხელით ამიტანია.
ამიტანია ლოცვები და ბევრი იმედი.
მე ყოველ დილას შენ გხედავდი ცისფერ სარკმლიდან,
შენ მთის კალთაზე გადმომდგარი მშვიდად მიმზერდი
და არემარეს ჩემი ლოცვის სითბო აწვიმდა.
ახლა კი ვდგავარ, მერცხლებს ვატან სანაპიროდან
თეთრ იმედებს და ბედი ნავის აფრებს მივანდე.
რა ვიცი, იქნებ ზღვამ მოქცევა დააპიროს და
გემშვიდობები ამ მერცხლბის დაბრუნებამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი