შავ-თეთრი პორტრეტი


ფერმკრთალი პორტრეტი, ღამეთა ციკლიდან
მოსჩანს და (როგორ ვთქვა) 
მზერაა გამჭოლი.
მესამე ათწლეულს - ანათალს მიწიდან,
ითვლის და ცდილობს, რომ გაექცეს ჩარჩოებს.

დაღვრილი გუაში ემჩნევა სახეზე,
ტკივილებს მიმალავს უაზრო შტრიხებით.
ვანიშნებ თვალებით, გარისკე, გაბედე
და მაინც გონებას ურევენ ნიმფები.
სხვადასხვა მხარე აქვს პროფილს და სატირა
მგონია ახლა მე ხმა ნერეიდების.
ვერ მოიგერია მტრებისგან ბაცილა,
ლექსებით სევდათა ჭავლს იადვილებდა.

ათასჯერ მოკვდა და ათასჯერ გაცოცხლდა.
დაიწვა, ჩანაცრდა, 
კვლავ აღსდგა ფერფლისგან.
სად აღარ დაკიდეს 
სარკესთან, საწოლთან,
ხან გადააგდეს და ხან მისცეს ერმიტაჟს.
დაიხა, გახუნდა, თან ისე დაძველდა,
ნაგლეჯს ჩამოჰგავდა "შაგრენის ტყავიდან".
ხან ისე აივსო, 
ხან ისე გაბევრდა,
რომ წვალებ-წვალებით 
ცხოვრება გავიდა.

უყვარდა, უყვარდათ, 
ან უფრო სიყვარულს
ეტრფოდა და ზოგჯერ უგებდა ვერავინ.
ცოდვებს კი ნაგროვებს, ჩუმსა და მიმალულს
არქმევდა ცხოვრების საჭირო ნეგატივს.
და მუნჯი პორტრეტი სურვილით ღრიალის,
თვალებით კიოდა შავ-თეთრი ფოტოდან.
მთელი ამ ქაოსით და ორომტრიალით,
მე მისი სცენარი 
საოცრად მომწონდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი