პროტესტი


დღეს ბევრი ვიარე,
ცხადიდან სიზმარში.
სიზმრიდან ცხადში და დაშრეტილ აზრებში.
მახსოვდა ვარსებობ და თითქოს მირაჟი
აღმოჩნდა ეს ყოფა,
გამიქრა ზრახვები.
ვცხოვრობდი თქვენს გვერდით,
ვსუნთქავდი, მიყვარდით.
ვერთვოდი სოციუმს, მსურდა თუ არ მსურდა.
ახლა კი მივხვდი, რომ
სხვა მხარეს ვიყავი
და ყოველ მცდელობას მითვლიდით ლაფსუსად,
მეთქვა და ამეხსნა, რომ ისე მიჭირდა,
რომ ისე მტკიოდა,
რომ ისე...
რომ ისე...
აღარც ღირს სიტყვებად, არც მყოფნის სიცილად.
ახლა მე ვჩუმდები და თქვენსას მოვისმენ.
დაიწყეთ, ამოთქვით; რა გიჭირთ, რა გტკივათ.
გისმენთ და ვეცდები, ნუგეში მოგგვაროთ.
თუ კალმის აღებით, თვლით ფეხი დამიცდა,
არასდროს ვყოფილვარ, მე სულით ბოგანო.
ღმერთია მოწმე და
ახსნადაც აღარ ღირს.
მე უკვე ისეთი სიმშვიდე ვიპოვე,
გმადლობთ, რომ მიძლებდით.
გმადლობთ და არაფრის,
თუ თქვენც სამადლობლის წარმოთქმას მიპირებთ,
მისთვის, რომ ვიყავი,
თქვენს გვერდით,
თქვენს შორის.
დღეს უკვე შორს ვარ და მერევა ნაბიჯი.
ლიანდაგს ავუწყვე - დო, რე, სი... ბემოლი,
სული კი გავხადე ყორნების საჯიჯგნი.
და ისე მომბეზრდა ეპოქა თვალჭრელი,
ვზივარ და სარკაზმით, ცინიზმით ავსილი
სამყაროს სარკმლიდან მუნჯივით გავცქერი.
გულში დაგროვილი ცეცხლით და მახვილით,
ყოველ ღამ ამომაქვს გულიდან ნაღველი,
მელანში ვურევ და ლექსებად გავკივი.
სტრიქონებს გავცდი და სხვა მხარეს გავედი,
სიმშვიდე ვიპოვე,
მე ნუღარ დამიცდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი