ლაზიერი
ძველი სუნამო, სამკაული, სარკე და სრული აბსურდი გერქვას ქალი, ცოლი, უფრო პოეტი. თავს ისულელებ, გამოხედვა შეფარვით ბრძნული. გეცინება და ზეცა როგორც ტილო მოლბერტის ჩამოხსენი და გადაღებე შავით და თეთრით. ცისფერი სივრცე გახდა თითქოს შენი სამიზნე. შავი და თეთრი. თეთრი, შავი და მერე ზედ კი სერაფიმთა და ლუციფერთა დასმა დაიწყე, როგორც ჭადრაკის ფიგურების. დროა თამაშის, დაფიქრების და დროა მიხვდე შენს ცივ მზერაში ერთად თუ სახლობს ღმერთი, ეშმა, ბრალი ამაში ვის მიუძღვის და ვის ხელთაა ახლა რევანში. ზიხარ სარკის წინ, თვალით თვალში უმზერ ლაზიერს, ცივი ნიღაბი კუს და უფრო პაიკს გაგონებს. შენი სამყარო ყინულების ფრესკად აქციე, სულში ჟღერაა უფრო დიდის- მანეს. კლოდ მონეს. ასე ერთობი დღენიადაგ, თამაშობ, ზიხარ. ჭადრაკი, დაფა, სარკეები, ძველი სუნამო. თუ არსებობა ეგოცენტრულ გროტესკად იქცა, ბრალი შენია, გაგეცინოს, თუნდაც უარყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი